„ლელო" ამბობს, რომ არჩევნებზე სიას გენდერული კვოტირების მოდელით წარადგენს

პუბლიკა

პარტია „ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ დაანონსებული ცვლილებების მიუხედავად, ისინი საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიას ისე წარადგენენ, როგორც ამას დღევანდელი საკანონმდებლო ბაზა ითვალისწინებს. ასე გამოეხმაურა ის კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით „გირჩის” ინიციატივას და მას „ოცნების პროექტი” უწოდა.

„ლელო, მიუხედავად იმისა, რამდენ ხანში და როგორ, დაჩქარებულად და თუ ძალიან დაჩქარებულად განხორციელდება, ამ შემთხვევაში, ოცნება-გირჩის შეთანხმება, რომელსაც თავად მორალური-პოლიტიკურს უწოდებთ – ლელო საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიას წარადგენს იმ მოდელით, რაც დღეს საკანონმდებლო ბაზითაა დადგენილი. არა იმიტომ, რომ ჩვენ ამას თავის დროზე მხარი დავუჭირეთ, იმ მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც აქ გაისმა, არამედ იმიტომ, რომ ეს საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია ამ ეტაპზე, გავა წლები, ეს აღარ იქნება საჭირო და აუცილებელი. ამასობაში, ამ პროექტს დღეიდან მე ვერ ვუწოდებ „გირჩის” პროექტს, ეს არის „ოცნების” პროექტი, იმიტომ, რომ „გირჩის” იდეა, იდეად დარჩებოდა, თუ არ იქნებოდა „ოცნების” პოლიტიკური განზრახულობა”, – განაცხადა მან.

„გირჩი” გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება და გაუქმდეს ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვდა.

კერძოდ, პარტია ითხოვს კანონიდან სრულად ამოიღონ 203-ე მუხლი, რაც საპარლამენტო სიებში პარტიებისთვის გენდერული კვოტის დაცვის ვალდებულებას აჩენდა.

კანონპროექტში შეთავაზებულ ცვლილებებს ექნება მმართველი პარტიის მხარდაჭერა. როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს, ამ საკითხზე შეხვედრა შედგა „გირჩისა” და უმრავლესობის ლიდერებს შორის, ხოლო „ქართული ოცნება” სრულად იზიარებს ცვლილებებს – ბექა დავითულიანმა თქვა, რომ სანაცვლოდ, მმართველმა პარტიამ მიიღო დაპირება, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, „გირჩი” ორიენტირებული იქნება კანდიდატის „პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე”.

ბიურომ მხარი დაუჭირა, რომ მიმდინარე კვირაში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილონ – იაგო ხვიჩიამ მხარდაჭერისკენ მოუწოდა ოპოზიციასაც.