„ლელო“ უკრაინაში ჰუმანიტარული მისიით ექიმების ჯგუფს გზავნის - ვატო სურგულაძე

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ წევრის, ვატო სურგულაძის თქმით, მისი ხელმძღვანელობით უკრაინაში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასახმარებლად მედიკოსთა ჯგუფი გაემგზავრება.

ვატო სურგულაძის თქმით, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, ექიმების გუნდი ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ კოლომიასკენ 4 აპრილს გაემგზავრება. მისი თქმით, ქალაქში კონცენტრირებულია იძულებით გადაადგილებული პირებისა და დაჭრილი სამხედროების დიდი რაოდენობა.

„ჩვენს ჯგუფს საჩუქრად მიაქვს ჰუმანიტარული დახმარება: სამედიცინო აპარატურა, მედიკამენტები, სახარჯი მასალა, რომლის კონკრეტული მოთხოვნა აქვს ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებს“, – თქვა სურგულაძემ.

ვატო სურგულაძის ინფორმაციით, მედიკოსთა ჯგუფში შევა 9 ექიმი და 1 ექთანი, მათ შორის ექიმი ტრავმატოლოგი – ვაჟა გაფრინდაშვილი, ასევე ექიმი რეანიმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, პედიატრი. ხოლო პოლონეთში გუნდს შეუერთდება ქართველი ექიმი გიორგი პატარაია, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში.

„ლელოს“ ექიმთა ჯგუფის ამოცანაში კი შევა პაციენტების კონსულტირება, ოპერაციული ჩარევების განხორციელება, პაციენტების მოვლა, სასწრაფო დახმარების ბრიგადებში მუშაობა და ადგილზე სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარება.