პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრს ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ… მივმართე და ვუწოდე ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე. ამის გამო დარეკა პოლიციაში და დამაკავეს და მომისაჯეს 3-დღიანი პატიმრობა. არ ვიცი რატომ დარეკა, უბრალოდ ვერ აიტანა, რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხარ-თქო. რაც რეალურია ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს,” – ამბობს რობაქიძე „მთავარ არხთან” საუბრისას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და რობაქიძეს შორის ინცინდენტი ბაკურიანში გუშინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს”, – ამბობენ შსს-ში.