ლენტეხის მერიის შენობაზე თავდასხმაში ბრალდებულს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ლენტეხის მერიის შენობაზე თავდასხმაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

შემთხვევა 2022 წლის ნოემბერში მოხდა. პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე დადასტურდა, რომ ბრალდებული შეიარაღებული მივიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.