„ლექსო ლაშქარავას ხსოვნას“ – თბილისში მდუმარე აქცია გაიმართა

პუბლიკა

2 დეკემბერს, ლექსო ლაშქარავას დაბადების დღეს, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „სირცხვილიას“ ოფისთან ლექსო ლაშქარავას ფოტოები და სანთლები მიიტანეს და დაღუპული ოპერატორი გაიხსენეს.

დღეს ლექსო ლაშქარავა 38 წლის გახდებოდა. ლექსოს მკვლელობიდან 4 თვე გავიდა.

„TV პირველის“ ოპერატორი 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ.

თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა.  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი ჯერ ისევ არაა ცნობილი.

5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი.