ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ს აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
„API Holding-ისგან Italiana Petroli-ს (IP) სააქციო კაპიტალის 99.82%-ის შეძენის დასრულების შემდეგ SOCAR აცხადებს ლევან დავითაშვილის დანიშვნას IP-ის CEO-დ (აღმასრულებელ დირექტორად).
ამ სტატუსით, დავითაშვილი უხელმძღვანელებს IP-ის ოპერაციებს იტალიაში, ფოკუსირებული იქნება ოპერაციული უწყვეტობის უზრუნველყოფაზე, ეროვნულ ენერგეტიკულ ბაზარზე მისი პოზიციის შენარჩუნებასა და შემდგომ გაძლიერებაზე, და SOCAR-ის ფართო ჯგუფში კომპანიის ინტეგრაციის ზედამხედველობაზე.
დავითაშვილი, რომელიც ფლობს იტალიურ ენას, კომპანიას მოუტანს 25 წელზე მეტ გამოცდილებას საჯარო და კერძო სექტორის მაღალ ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
2021 წლიდან 2025 წლამდე ის მუშაობდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერად და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად, ხელმძღვანელობდა ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიას და მხარს უჭერდა ძირითადი ინფრასტრუქტურული ინიციატივების განხორციელებას.
მან ასევე წარმართა ქვეყნის მონაწილეობა „მწვანე ენერგიის დერეფნის” ინიციატივაში, რომელიც აკავშირებს სამხრეთ კავკასიას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. 2025 წლის ნოემბრიდან იგი მუშაობდა SOCAR-ის პრეზიდენტის მრჩევლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
2026 წლის თებერვალში ლევან დავითაშვილი, ოფიციალური ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოიკითხა.
თავად დავითაშვილმა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ განიხილეს გაზმომარაგების საკითხი. მისი თქმით, კითხვები ეხებოდა იმას, საქართველოს აქტიური მონაწილეობა ევროპის ქვეყნების გაზით მომარაგებაში, შეიძლება თუ არა „ქმნიდეს რისკებს”.
დავითაშვილის ამ განცხადებას სუსმა უპასუხა, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე იყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე.
გამოკითხვის მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ქვეყანა დატოვა. მისი ქვეყნიდან გასვლა დაადასტურა სუს-მაც. თავად დავითაშვილმა განაცხადა, რომ მან ქვეყანა საქმიანო ვიზიტით დატოვა და კვირის ბოლოს დაბრუნდებოდა, თუმცა მისი დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და ის არც მედიასთან გამოჩენილა.