„დამიზნებით გვესროდნენ" — რას ჰყვება თამაზ გინტურთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი

პუბლიკა

თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმე, მოკლულის მეგობარი ლევან დოთიაშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ „ყველაფერი დაინახა”.

დოთიაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს თავდაპირველად მათი დაკავების მცდელობა არ ჰქონიათ, მოსთხოვეს ავტომობილის გაჩერება, რის შემდეგაც, დოთიაშვილის თქმით, „ილაპარაკეს და გაანეიტრალეს სიტუაცია”.

„მე რომ ჩავჯექი მანქანაში, თამაზი დარჩა და ელაპარაკებოდა, მე ვერ გავიგე, რას ელაპარაკებოდა. შემდეგ დაწყნარებულად ჩაჯდა[გინტური] მანქანაში, რაციაში გადასცეს ეტყობა, დააკავეთო. დაკავების მცდელობა მანამდე არ ყოფილა, თავიდან გაჩერებას გვთხოვდნენ, მაგრამ რაკი ვილაპარაკეთ, გავანეიტრალეთ”, – ამბობს დოთიაშვილი.

დოთიაშვილის თქმით, „განეიტრალებული სიტუაციის” შემდეგ, მოულოდნელად რუსმა სამხედროებმა დამიზნებით სროლა დაუწყეს. მისივე თქმით, თავად ნახა ზურგში დაჭრილი თამაზ გინტური.

დოთიაშვილი ამბობს, რომ სროლის შემდეგ, ავტომობილი გაჩერდა. მან გინტურის ტელეფონით სასწრაფოში დარეკა, შემდეგ კი რუსმა სახმედროებმა ტყის მიმართულებით წაიყვანეს. მისი თქმით, გზაში მასზე ფიზიკურად იძალადეს. დოთიაშვილი ამბობს, რომ დაინახა გინტურის მკვლელი, თუმცა ამოცნობა უჭირს.

„გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც… ყველა იყო იარაღით… [მირტყამდნენ] ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე”,- თქვა დოთიაშვილმა.

„დამიზნებით გვესროდნენ, ჯერ საბურავები და შემდეგ გამიზნული სროლა… მივდივართ რა, ეტყობა რაციაში დაუძახა. რა მოხდა, არ ვიცი, ჩვენ მანქანაში ვისხედით შეიძლება დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთო, ყოველ შემთხვევაში არ გაგვიგია, მოგვდევდა სროლა სროლით, ბევრი გაისროლა.

მე თვითონ ვნახე ნატყვიარები… ზურგის, ხერხემლის არეში. ერთი თქვა, დამჭრაო და მოგარტყა-მეთქი, ხოო… მერე გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე, ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და წამიყვანეს ტყის მიმართულებით. დავინახე, ვინც ისროლა, მაგრამ ცნობით ვერ ამოვიცნობ. ვნახე ფოტოები, მაგრამ ვერ ვიცანი… დანარჩენი 7 ამოვიდა 5-6 წუთის შემდეგ, სროლის შემდეგ, თამაზი რომ გადმოვიყვანე და სასწრაფოში დავრეკე და ყველას გავაგებინე. მერე მოვიდნენ და წამიყვანეს…

პირდაპირ სროლით მოდიოდა ჩვენს უკან ცეცხლსასროლი იარაღი”, – ამბობს დოთიაშვილი. 

ლევან დოთიაშვილი რუს ოკუპანტებს ჰყავდათ გატაცებული. ის იჯდა თამაზ გინტურთან ერთად მანქანაში, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა სროლა დაუწყეს, რასაც გინტური ემსხვერპლა.

დოთიაშვილს ვიდეო საოკუპაციო რეჟიმის იზოლატორშიც გადაუღეს, სადაც გატაცებული ჰყვებოდა, თუ ვისთან ერთად ავიდა ლომისას ტაძარში და როგორ გააღო თამაზ გინტურთან ერთად ეკლესიის დაკეტილი კარები.

„სასაფლაოზე ვსვამდით 6 კაცი: ვალიკო დოთიაშვილი, თამაზ გინტური, ვასიკო წიოტაშვილი, მერაბ პაპიტაშვილი და მერაბ დათიაშვილი. ამის შემდეგ, დავიშალეთ ორი მანქანით წავედით. ერთი მანქანით სამნი წავიდნენ სოფლისკენ, სამი წავედით ეკლესიაში ლომისაში სანთლების ასანთებად”, – თქვა დოთიაშვილმა.

დოთიაშვილს ჩაეკითხეს, თუ ვისთან ერთად ავიდა ეკლესიაში და ვინ მართავდა ავტომობილს, რაზეც დოთიაშვილმა უპასუხა, რომ ეკლესიაში თამაზ გინტურსა და თამაზ პაპიტაშვილთან ერთად ავიდა, საჭესთან კი თამაზ გინტური იჯდა. 

„ავედით ეკლესიაში სანთლები დავანთეთ, კარები იყო დაკეტილი… გავაღეთ ცულით”, – ამბობს დოთიაშვილი.

ჩვენება დოთიაშვილმა ქართულ ენაზე მისცა. მას საოკუპაციო რეჟიმის იზოლატორში კითხვებს ქართულად უსვამენ.

ლევან დოთიაშვილი 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს,  რუსმა ოკუპანტებმა დოთიაშვილთან ერთად მყოფი თამაზ გინტური მოკლეს.

დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს, რომ დოთიაშვილს სახეზე დაზიანებები აღენიშნება, რაც გუშინ ჟურნალისტებთან სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემაც დაადასტურა.

„როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს. უკანონო დაკავების დროს მას დაზიანება მიაყენეს სახის არეში”, – განაცხადა ანთაძემ.

ანთაძის თქმით, ლევან დოთიაშვილი არის გინტურის მკვლელობის თვითმხილველი და ის მოწმის სტატუსით გამოიკითხება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც შსს აწარმოებს.