ლევან დოთიაშვილი მკვლელობის თვითმხილველია, მოწმის სტატუსით გამოვკითხავთ - ანთაძე

პუბლიკა

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მედიასთან მან განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთებას ხვალ შეძლებს.

ჟურნალისტებთან სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ადასტურებს, რომ დოთიაშვილს სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

„რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტრეიტორიაზე გამოვიყვანეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლევან დოთიაშვილი. ჯერ არ გვქონია მასთან დეტალურად საუბრის შესაძლებლობა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს. უკანონო დაკავების დროს მას დაზიანება მიაყენეს სახის არეში.

რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, მოგეხხსენებათ, ბატონი ლევანი გახლავთ მკვლელობის თვითმხილველი. იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შსს აწარმოებს გამოძიებას“, – განაცხადა ანთაძემ.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მეორე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.