ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა უჩივლა და მისგან 10 000 ლარსა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.
საუბარია ლევან ღამბაშიძის მიერ 12 თებერვალს გამოქვეყნებულ FB-პოსტზე, რომელშიც ღამბაშიძე წერს:
„მთავრობამ დააანონსა(რა მაგარი ენაა ქართული, თავისი სამი ა-თი), რომ დასავლურ გრანტებზე სრულიად უარის თქმის შემდეგ თავად შექმნის რაღაც ორგანიზაციას, რომელსაც ექნება 20 მილიონიანი ბიუჯეტი და რომელიც სამთავრობო გრანტებს გაანაწილებს სამთავრობო ენჯეოებზე.
ანუ, მთელ საქართველოს რა გრანტებიც შეუწყდება, მაგის დაბალანსებას ცდილობს იმაზე სამჯერ ნაკლები თანხით, რაც წილოსანის ოჯახმა მოიპარა ბიუჯეტიდან. მგონი ხოშიანი თრეიდია არა? რას იტყვით წილოსანის ამომრჩევლებო? თქვენ არ გენდომებოდათ ეგ 65 მილიონი? და დასავლური გრანტები რო თქვენს ცხოვრებას აუმჯობესებდა, ეგ გაცვალეთ წილოსანის გაუმჯობესებულ ცხოვრებაში? და მოტივი?“.
ამ პოსტს 13 თებერვალს უპასუხა ნინო წილოსანმა და დაწერა, რომ თუ ღამბაშიძე „ცრუ ბრალდებას საჯაროდ არ უარყოფს“, სასამართლოში შეხვდებოდნენ“.
„ეს ადამიანები, ვითომ აქტივისტები და გარედან მართული პოლიტიკანები დაეჩვივნენ, რომ შეუძლიათ, წარმოუდგენელი რამ დაგაბრალონ, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრა მოგიგონონ და არასდროს აგონ ამისთვის პასუხი.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ადამიანების დეზინფორმაციით მოწამვლა და სიცრუეზე ყველას სათანადოდ უნდა გაეცეს პასუხი“, – დაწერა წილოსანმა.
დღეს, 6 მაისს, ლევან ღამბაშიძემ დაწერა, რომ ნინო წილოსანი მისგან 10 000 ლარს და ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.
„ბედი ხო არაფერში არ მაქვს. ხალხი რა ბრძოლას და განსაცდელს გადის და როგორი საგმირო პერიოდი უდგას საქართველოს, მე კიდე წილოსანმა მიჩივლა და ათი ათას ლარს მთხოვს და კიდე უნდა ვთქვა, რომ მის ოჯახს არ მოუპარავს 65 მილიონი, რასაც ქოცების პროკურატურა ამტკიცებდა ათ წელზე მეტ ხანს.
არა და ასე ვიცოდი, რომ მისმა ოჯახმა 65 მილიონი მოიპარა რაღაც ვაგონთმშენებლისაგან. თქვენც ხომ არ გსმენიათ, რომ მის ოჯახს 65 მილიონი ჰქონოდეს მოპარული ვაგონთმშენებლისაგან? თუ რამე იცით, იმის შესახებ, რომ წილოსანის ოჯახს ვაგონთმშენებელი ქარხნის საშუალებით 65 მილიონი აქვს მოპარული, კომენტარებში ჩამიყარეთ, იქნებ გამომადგეს სასამართლოში. ჯერ რაღაცა უნდა ჩავიბარო და მეტი დეტალი მერე მეცოდინება“, – დაწერა ღამბაშიძემ.
2024 წელს 65 მილიონის ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი და მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებული პირები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.
საუბარია საქმეზე, რომელიც 2013 წელს აღიძრა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 10 წელი დასჭირდა.
მაშინ განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს:
- შპს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია;
- სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე აბელ გიორგობიანი;
- გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი;
- შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი;
- გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა;
- დირექტორები მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე
- ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას მიმართ;
„გამოძიებით დადგინდა რომ „საქართველოს რკინიგზასა“ და „ვაგონმშენებელ კომპანიას“ შორის ვაგონების გარემონტების მიზნით 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 000 აშშ დოლარი დააფიქსირა, თუმცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 000 ლარი იყო. ამ ქმედებით დაკავებულებმა შპს „საქართველოს რკინიგზას“ მიაყენეს 65 მილიონი ლარის ზიანი“, – წერდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი 2023 წელს გამოიტანა. პროკურატურამ კი ის შემდგომ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციომ უცვლელი დატოვა.