ლევან იოსელიანი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა

პუბლიკა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ მაიკლ ო’ფლაერტსა და სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებს, აქციებზე დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიების ხარვეზებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, შეხვედრა შეეხებოდა ადამიანი უფლებების მდგომარეობას ზოგადად საქართველოში. აინტერესებდა, მე როგორც სახალხო დამცველი რა პროცესში ვარ ჩართული და ანგარიშზე [სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიში] იყო საუბარი. რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას, პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას, ვინც საპატიმროში არიან და ამავე დროს კითხვები დასვა არის თუ არა პასუხისგებაში მიცემული ვინც შეიძლება იყოს დამნაშავე იმ ადამიანების ცემაში, ვინც იმ დროს დაშავდა” – განაცხადა ლევან იოსელიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა აღნიშნა, საუბარი ასევე ძირითადად შეეხებოდა საქართველოში ორგანიზაციების მდგომარეობას და პარლამენტის მიერ საკანონმდებლო პაკეტში განხორციელებულ ბოლო ცვლილებებს.

„ცვლილებები, რომელიც შევიდა კანონმდებლობაში, მათ შორის, რაც ეხება „გრანტების შესახებ კანონს” და სხვა კანონმდებლობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომლის შესახებაც მე მქონდა ჩემი პოზია და გავასაჩივრე საკონსტიტუციო სასამართლოში. ამავე დროს ეუთო ოდირის დასკვნა გამოვითხოვე და ეს დავურთე ამ საჩივარს. ეს ცვლილებები იყო საუბრის ძირითადი საფუძველი და ამავდროულად ზოგადი მდგომარეობა, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ცვლილებებს და პერსპექტივაში, რა შეიძლება იყოს ამის შედეგი” – თქვა იოსელიანმა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის გასული წლის ვიზიტის შემდგომ მოვლენების განვითარების შესწავლას ისახავდა მიზნად. დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა კომისრის აპარატის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლამი, მრჩეველი რომერ ლემეტრი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე.