ლევან მურუსიძე ამბობს, რომ კეთილსინდისიერი მოსამართლეა.
სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ, რომელიც აშშ-ის მიერ არის სანქცირებული, „ვეტინგთან” დაკავშირებით თქვა, რომ „წლებია, მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გასაყრელად ნოყიერი ნიადაგის შესაქმნელად”.
„ვეტინგი” ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს. ის უნდა შეეხოს არა ყველა მოსამართლეს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სასამართლოებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს.
„ვეტინგს” კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც „ქართული ოცნების” ხელისუფლება, ისე – სასამართლოების ლიდერები – ის პირები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები „მოსამართლეთა კლანის” წევრებად მოიხსენიებენ.
„მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. მოვუწოდებ ყველას, პოლიტიკოსები იქნებიან თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები – არავინ რომ არ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს იმითიც, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი.
ხომ შეიძლება ჩატარდეს „ვეტინგი“ და გავიაროთ ეს კეთილსინდისიერების ტესტი?! წინასწარ როდესაც აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები, წინასწარ გაქვს უკვე გამოთქმული მოსაზრება და მიზანმიმართულად ამბობს, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, აქედან გამომდინარე, შენ ის არ გაინტერესებს”. – ამბობს ლევან მურისიძე.
მისი შეფასებით, „ვეტინგი” არ ეხება კეთილსინდისიერებას და ის უბრალოდ „შირმაა სასამართლოს დაქვემდებარების მოტივით”.
„ზოგადად, როდესაც რაიმე ცუდი უნდა განხორციელდეს, ყოველთვის წინა პლანზე წამოწევენ ხოლმე კეთილშობილურ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში, საუბრობენ კეთილსინდისიერებაზე. „ვეტინგთან“ დაკავშირებით, რაც ჩვენ პრაქტიკაც გვაქვს ალბანეთში, უკრაინაში და ახლა მოლდოვაში, იქ მოსამართლეების შემოწმება არ ხდება კეთილსინდისიერების მიხედვით, რასაც პრაქტიკა გვაჩვენებს. ფაქტობრივად, მოხდა სპეცოპერაცია და სასამართლოს დაქვემდებარება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ“. – თქვა ლევან მურუსიძემ.
მან ასევე თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება „ვეტინგს” არ უკავშირდება.
ლევან მურუსიძემ ეს განცხადება დღეს, 24 მარტს მოსამართლეთა 32-ე კონფერენციის დაწყებამდე გააკეთა.
კონფერენციის დღის წესრიგის თანახმად, კონფერენცია, სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მდივნის არჩევვასა და „სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე“ იმსჯელებს.