ლევან მურუსიძე სანქცირებაზე: სამწუხაროა, რომ ჩემ გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს

პუბლიკა

მოსამართლე ლევან მურუსიძე უსამართლოს უწოდებს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას მისი და სასამართლო სისტემის კიდევ რამდენიმე წევრის სანქცირების შესახებ. მურუსიძის კომენტარს ტელეკომპანია „რუსთავი 2″ ავრცელებს.

მისი თქმით, ეს არის პირდაპირი შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მურუსიძე მიიჩნევს, რომ „ამ გადაწყვეტილებით არის მცდელობა, საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად შეერთებულ შტატებს დაექვემდებაროს.”

„სამწუხაროა, რომ ჩემ გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს”, – ამბობს „კურიერთან” საუბრისას ლევან მურუსიძე.

„სიმართლე გითხრათ არ მეშინია, გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც არის. არ არის ნამდვილად სასიამოვნო, მაგრამ არც იმის მეშინია – ქონება არ მაქვს, რომ ანგარიშები დამიყადაღონ.

მე მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ღირსეულად, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო თუ ვიღაცებს თავიანთი მიზნები აქვთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, მერე მართონ და ამას დაარქვან ადამიანის უფლებებისა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება…

როგორც არის – ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ძალა არის, თავი დახარო და უკადრებელი იკადრო. მე ვცხოვრობდი ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას. მიმაჩნდა, რომ სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია, ვემსახურებოდი იმას, რომ სასამართლო მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი არ დაეკარგა, მაგრამ, ნუ, რა ვქნათ ახლა“, – აცხადებს მურუსიძე „კურიერთან” საუბრისას.