ლევან ვასაძეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა აქვს

პუბლიკა

ჰომოფობიური, ქსენოფობიური, ულტრანაციონალისტური განწყობებით და სექსისტური გამონათქვამებით ცნობილმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა, დღეს პრესკონფერენცია გამართა.

მან ნამახვანჰესის პროტესტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აქვს ამ ვითარებიდან გამოსვლის თავისეული ხედვა, რომელსაც სთავაზობს საზოგადოებას.

„ჰესი ნებისმიერი ფორმით არ უნდა აშენდეს, თუ ის არ აწყობს ადგილობრივ მოსახლეობას, ეს არის გარდაუვალი პოსტულატი, რომლის იქეთაც არაფერი არ არსებობს. თუ ადგილობრივ მოსახლეობას შენ ვერ მოელაპარაკე, ვერ დააკმაყოფილე მისი ინტერესები, რომც მოხდეს ჰესის განსხვავებული პარამეტრებით რეკონფიგურაცია, ეს მაინც აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული რიონის ხეობის მოსახლეობასთან. შეუძლებელია ამ ნების უგულებელყოფა“, – ამბობს ლევან ვასაძე.

მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი. მისი თქმით, მისი მოძრაობა შესაბამისი თხოვნით ცესკოს მიმართავს და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

„გამოვდივართ ინიციატივით, ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი – უნდა აშენდეს თუ არა მოსახლეობის აზრით, ნამახვანჰესი კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების ამჟამინდელი პირობების თანახმად. ჩვენ, როგორც საინიციატივო ჯგუფი, უნდა მივიდეთ დავრეგისტრირდეთ ცესკოში, შევიტანოთ ეს განაცხადი, აი ამ მარტივი ფორმულირებით და შესაბამისი პროცედურების შემდეგ უნდა მოგვეცეს ბლანკები, რათა კანონით განსაზღვრულ ვადებში შევაგროვოთ აუცილებელი რაოდენობა ხელმომწერებისა, რომელსაც მივიტანთ ისევ ცესკოში.

ჩვენ დავფიქრდით ასევე იმაზე, როგორ ავაცილოთ ქვეყანას ეს დამატებითი ხარჯები ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რადგან ეს არ არის რიგითი სიანვესტიციო პროექტი და ის გასცდა იმ მასშტაბებს, თუნდაც როგორიცაა რიონის ხეობა. აგერ დედაქალქშია და ის ნამდვილად იმსახურებს საერთოდ სახალხო მოსაზრებას. ყველაზე მარტივი გზა, როდესაც შევასრულებთ ამ პროცედურებს, შემდეგ, მისი დაწყვილება ადგილობრივ არჩევნებზე, ეს კეთდება ელემენტარულად. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად იდება დამატებითი ბლანკი, სადაც იქნება ეს შეკითხვა”, – თქვა ვასაძემ.

ლევან ვასაძის თქმით, ეს არანაირ ხარჯებს არ გამოიწვევს და ასე მარტივად გადაწყდება ეს საკითხი.