„ლგბტ პროპაგანდისტების დალაგებული ბინძური კამპანია“ - მდინარაძის ჰომოფობიური კომენტარი კობახიძის წინააღმდეგ პროტესტზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტს გამოეხმაურა და ჰომოფობიური კომენტარი გააკეთა.

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, კობახიძის წინააღმდეგ „უმცირესობების წარმომადგენლებს“ იარაღად იყენებენ. ამასთან მისი მტკიცებით, „ლგბტ პროპაგანდა“ საზოგადოებას ზიანს აყენებს და ამის დასამტკიცებლად სოციოლოგიური კვლევებიდან მონაცემები მანიპულაციურად მოიყვანა.

„თუ პროპაგანდისტია რაღაცების, შეიძლება არასწორ ორიენტაციაზე ვილაპარაკოთ. დიახაც, დღეს რაღაც ტრენდია თითქოს, რაღაც ძაან მოდაში შემოვიდა თითქოს ლგბტ პროპაგანდისტობა. არავინ არავის უფლებებს არ ლახავს, არავინ არავის უფლებებს არ ზღუდავს, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ რაღაც ტრენდის დამკვიდრებას ცდილობენ ვიღაცები ლგბტ პროპაგანდის, ამან რა შედეგები მოიტანა ბოლო კვლევები ნახეთ.

მაგალითად, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების 20% საუბრობს, რომ მიეკუთვნება სექსუალურ უმცირესობას. საფრანგეთში ბოლო კვლევის თანახმად, 22% საუბრობს 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების. ხომ ვამბობდით ჩვენ თითქოს, პროპაგანდა არანაირ ზიანს არ აყენებს საზოგადოებას…

ანუ ლგბტ პროპაგანდა თურმე ძალიან ცუდი რაღაც ყოფილა, აგერ კვლევებმა და შედეგებმა გვაჩვენა. ჩვენ ამას აშკარად და ღიად უნდა დავუპირისპირდეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც თაობებს შორის სექსუალურ ორიენტაციაზე საჯაროდ საუბარს შორის განსხვავების შესახებ საკითხის მანიპულაციური ინტერპრეტაცია მოახდინა.

ხოლო შეკითხვის საპასუხოდ, რა კავშირში არიან ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ პროტესტთან, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კობახიძის წინააღმდეგ „უმცირესობების წარმომადგენლებს“ იყენებენ და ეს „გეგმის ნაწილია“.

„იმ შუაშია, რომ უმცირესობის წარმომადგენლებს, რატომღაც, პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. ყოველ შემთხვევაში როგორც თავად გამოხატავენ ამას ადამიანები. როგორც თავიანთი ქცევით გამოხატავენ კონკრეტული პროტესტის დროს.

გეგმის ნაწილია, როგორც ჩანს, მერე ვიღაცამ რამე რომ უთხრას, შემდეგ ატეხენ ამბავს, რომ ამ ნიშნით ვიღაცამ მიაყენა შეურაცხყოფა. როგორც ჩანს ეს არის, იმიტომ, რომ რაღა მაინცდამაინც ასე რომ აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს და ასე რომ პოზიციონირებენ, ისინი აპროტესტებენ კობახიძის რაღაცას, რაც თავის თავში „ფეიკს“ შეიცავს კიდევ.

დიახ, რეალურად, ლგბტ პროპაგანდისტების მიერ დალაგებული რაღაც ბინძური კამპანია, ვითომ ანტირუსული და რეალურად, დიდი შანსია, რომ ხოშტარიას გამოართვეს ჩარიცხული რუბლები და შემდეგ რომ გაიარა კობახიძემ [რუბლები დააყარეს] იქაც ვერ გაბედეს“, – თქვა მდინარაძემ.


დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად მისულ ირაკლი კობახიძეს ახალგაზრდებმა პროტესტის ნიშნად კიბეზე ჩასვლისას რუსული რუბლები გადმოუყარეს.

მოგვიანებით მის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს გამოეხმაურა თავად ირაკლი კობახიძე და ახალგაზრდებს „ორიენტაციაარეული“ უწოდა.