ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით პროტესტი რაჭიდან თბილისში გადაინაცვლებს - გოლეთიანი

პუბლიკა

რაჭაში მიმინარე პროტესტი,დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის გაუქმების მოთხოვნით თბილისში გადაინაცვლებს.

„გადაინაცვლა ამ თემამ უფრო ზემო ინსტანციაში და ჩვენც დინამიურად მივყვებით ამ პროცესებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს კარავი გადავდგათ თბილისში, სამინისტროსთან“, – თქვა მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა დღეს ამბროლაურში გამართულ აქციაზე.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი თბილისში ხანგრძლივი პროტესტისთვის ემზადებიან და იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ, გარემოს დაცვის სამინისტრო მათ მოთხოვნას გაითვალისწინებს.

„გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ გადავიდეთ სამინისტროსთან. რამდენიმე შესასვლელი აქვს სამინისტროს, ყველა მხარეს დავდგამთ კარავს, ყველა შესასვლელთან. შევავიწროვებთ იქამდე, სანამ ის სამართლიანი მოთხოვნები არ შესრულდება, რასაც ვაყენებთ.

…შემდეგ შაბათს [18 ნოემბერს] წავალთ სამინისტროსთან, გადავდგამთ ამ კარვებს, ყველა შესასვლელთან დავდგამთ კარავს და დაიწყება იქ 24-საათიანი მორიგეობა. იქნება კოორდინაცია ამ სამივე კარავს შორს და ყველა შემსვლელი და გამომსვლელი იგრძნობს დისკომფორტს, ვინც იმ სამინისტროში მუშაობს”, – განაცხადა მან.


რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს.

მოძრაობის განცხადებით, ლიცენცია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველია.

მათი თქმით, 3 ნოემბერს სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაუგზავნეს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს და დღემდე ელოდნენ პასუხის შეკითხვაზე: გაუქმდებოდა თუ არა აღნიშნული ლიცენზია.

მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ასევე ამბობს, რომ ვინაიდან არსებობს ლიცენზიის გაუქმების მკაფიო საფუძვლები, სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი ხედვა საკითხის მხოლოდ დროში გაჭიანურებას ემსახურება. მათივე თქმით, სამინისტროს წარმოდგენილი ორი ფაქტორიდან (კომპანიის მხრიდან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის წარმოუდგენლობა ან/და დაცული ტერიტორიის შექმნა) არცერთი არ გულისხმობს ლიცენზიის გაუქმების უპირობო საფუძველს, შესაბამისად, მისი აზრით, არ არსებობს მყარი გარანტიები, რომ ლიცენზია ნამდვილად გაუქმდება.