ლიეტუვა უკრაინასთან იარაღის ერთობლივ წარმოებაში 20 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
ლიეტუვის თავდაცვის საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვის სფეროში. 20 მილიონი ევროს ინვესტიცია მოხმარდება თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებას და იარაღის წარმოებისთვის ერთობლივი საწარმოების შექმნის ინიციირებას.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე უკრაინელი ინჟინრების მაღალი გამოცდილებისა და მოტივაციის, ასევე ამ სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთა მონდომებისა და სტრატეგიული აზროვნების გამო.
“ლიეტუვა გააგრძელებს ინვესტიციებს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში. ამისთვის უკვე გამოყოფილია 20 მილიონი ევრო და ეს თანხა გაიზრდება. თუმცა, ჩვენ ვისწრაფვით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ – ლიეტუვა-უკრაინული იარაღის ერთობლივი წარმოების განვითარებას, როგორც ლიტვაში, ასევე უკრაინაში”, – თქვა შაკალიენემ.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, იარაღის კონკრეტული ტიპების შესახებ, რომელზეც შეთანხმება შედგა, ინფორმაცია არ საჯაროვდება.
უახლოეს კვირებში ლიეტუვაში გაიმართება ლიეტუვისა და უკრაინის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრები, რათა განიხილონ შეთანხმების იმპლემენტაცია და შემდგომი ნაბიჯები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის.