ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტზე მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა

პუბლიკა

10-12 აპრილს ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტზე მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა. შესაბამისი განკარგულება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა თანხმობის მიღების მოთხოვნით მთავრობას 27 მარტს წერილობით მიმართა. პრეზიდენტისთვის უარის მიზეზი არ არის დასახელებული, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავრობა სალომე ზურაბიშვილს ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე ნებართვას არ აძლევს.

გასული წლის 30 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ მას 10 ქვეყანაში ვიზიტზე უთხრა უარი.