ლიეტუვის სეიმი EU-ს მოუწოდებს, განიხილოს რუსული კანონის საპასუხო ზომების შესაძლებლობა

პუბლიკა

ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს EU-ში ინტეგრაციის შესახებ, სადაც საუბარია ე.წ. გამჭვირვალობის კანონის შესახებ და აღნიშნულია, რომ ის რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსია.

რეზოლუციის ტექსტში სინანულია გამოხატული იმ ფაქტის მიმართ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არ არის შესაბამისობაში ქართული საზოგადოების მისწრაფებებსა და მიზნებთან ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ლიეტუვის სეიმი გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც იცავენ საკუთარი გამოხატვის თავისუფლებასა და ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„[ლიეტუვის სეიმი] მკაცრად გმობს აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და აქციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას, ასევე, დეზინფორმაციის, დაშინებისა და პირდაპირი ძალადობის ორგანიზებულ კამპანიას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ. ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად მიმართული მსგავსი ქმედებები მიუღებელია, განსაკუთრებით EU-ის კანდიდატი ქვეყნისთვის”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ლიეტუვის სეიმის წევრები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის მმართველ უმრავლესობას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპების დამრღვევი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის დაწესებული პოლიტიკური კრიტერიუმებისთვის შეუსაბამო ქმედებებისთვის.

ლიეტუვის სეიმი რეზოლუციით მოუწოდებს:

  • საქართველოს პარლამენტს, რომ გაიწვიოს კანონი; უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება; ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს მათთან ერთად დიალოგში და დარჩეს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური ვალდებულების ერთგული; გააგრძელოს საჭირო რეფორმების გატარება.
  • ევროკავშირის ინსტიტუტებს განიხილოს საპასუხო ზომების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა დაძლევს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, გააგრძელებს კანონის აღსრულებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას.