ლილუაშვილი: ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა 

პუბლიკა

სს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას შემდეგ, რაც 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირს და „ქართველ-რუს ოლიგარქს”, ის სუსში გამოკითხეს.

ლილუაშვილმა 19 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მიერ უწყებისთვის მიწოდებული ინფორმაცია „არაფრით განსხვავდება იმ ინფორმაციისგან, რომელიც მან საჯარო სივრცეში განათავსა” –  საჯაროდ ოთარ ფარცხალაძემ 1 კომენტარი გააკეთა და ის სამთავრობო ტელეარხმა, „რუსთავი 2-მა” გაავრცელა. ყოფილმა გენპროკურორმა თქვა, რომ „სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა”.

გრიგოლ ლილუაშვილისვე განცხადებით, ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა.

რაც შეეხება იმას, თუ სად წავიდა ის, ლილუაშვილმა თქვა:

„საქართველო დატოვა, საით გაფრინდა და გაფრინდება ჩვენ არ ვიცით, შეიძლება რუსეთის ფედერაციაში”.

გრიგოლ ლილუაშვილმა ასევე თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძის უახლოესი გარემოცვის გამოკითხვა გრძელდება.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან ვერ მიიღეს მტკიცებულებები იმ ბრალდებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ყოფილ გენერალურ პროკურორს სანქციები დაეკისრა.

„არანაირი დეტალი არ მიგვიღია. პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს. ეს ძალიან დამაფიქრებელია. მასმედიაში გავრცელდა, თუ ეს ინფორმაცია ჰქონდათ ამერიკელ სპეცსამსახურებს და ჩვენს პარტნიორებს, ეტყობა, არ ენდობიან ქართულ სპეცსამსახურებსო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში უფრო დიდ ეფექტზე გათვლილი ინფორმაციები იცვლება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებს ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო, შესაძლო დანაშაულზე ინფორმაცია წინმსწრებად რომ ჰქონოდათ, ალბათ მოგვაწვდიდნენ. […] ყველა მუხლი, მიუხედავად მისი სიმძიმისა, მოითხოვს მტკიცებულებათა მაღალ სტანდარტს”. – თქვა მან.

ოთარ ფარცხალაძეზე ლაპარაკისას აშშ-ის მხრიდან მტკიცებულების მოწოდების აუცილებლობაზე აპელირებენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

მასში ნათქვამია, რომ „FBS-ის ოფიცერმა, ალექსანდრ ონიშენკომ და რუსულმა FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის საკეთილდღეოდ. სავარაუდოდ, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“.