სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიესაჯა.
ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ განაჩენს.
„სამართლებრივი შეფასება გამიჭირდება სასამართლოს უსამართლო განაჩენთან მიმართებაში. დაცვის მხარეს მოლოდინი ჰქონდა გამამართლებელი განაჩენის და ეს მოლოდინი მხოლოდ დამყარებული იყო იმაზე, რომ საქმეში რეალურად არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის არ ჩადენილ დანაშაულს დაამტკიცებდა.
სამწუხაროდ, სასამართლომ მიიღო არაობიექტური, უსამართლო, მიკერძოებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, დაცვის მხარე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მიმართავს. კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით“,- განაცხადა ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაჩენის გამოცხადების შემდგომ მედიასთან საუბრისას.
მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ ლილუაშვილი 13 წელი არ იჯდება ციხეში და „სააპელაციო სასამართლო მაინც შეინარჩუნებს სასამართლოს სახეს.“
გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა, რის შემდეგაც დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ქრთამის აღება სისხლის სამართლის ოთხ საქმეში.
პროკურატურის ვერსიით, ერთ საქმეზე ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების სანაცვლოდ ლილუაშვილმა $1 მილიონი აიღო თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან.
მეორე საქმეზე ლილუაშვილმა გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძის მეშვეობით მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი. რომეო მიქაუტაძემ რამდენიმე კვირის წინ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და დაადასტურა, რომ ის ქრთამის აღებაში შუამავალი იყო.
მესამე საქმეზე მას ბრალი წარდგენილი აქვს ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მფარველობისთვის.
მეოთხე ბრალდება კი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორის, კახა გვანცელაძის მფარველობას შეეხება. გამოძიების ვერსიით, გვანცელაძე შესყიდვებიდან ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს. სასამართლო პროცესები დახურული იყო.
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 5 წელი და 6 თვე ხელმძღვანელობდა.
მას ბრალად წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.