ლილუაშვილმა, რომელიც დღეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს, 2 წლის წინ მედიებს ამავე საქმეზე „ცილისწამებისთვის“ დავა მოუგო

ზურა ვარდიაშვილი

„დაევალოს მოპასუხე შპს ფორმულას, დაევალოს შპს მთავარ არხს, ორი კვირის ვადაში გამოაქვეყნოს, გაავრცელოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც ცილისწამებაა, რომ – „გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობს და მთავარი ფიგურაა, ე.წ. ფულის ქურდობის, პირამიდა ქოლცენტრების საქმიანობაში”.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შამათავამ 2022 წლის 29 აპრილს გამოაცხადა, რითაც  დააკმაყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი და დაადგინა, რომ ტელევიზიებმა სუსის ყოფილ უფროსს ცილი დასწამეს. 

იგივე დაევალა ოპოზიციონერ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილსაც, რომელიც ბევრს საუბრობდა გრიგოლ ლილუაშვილისა და „ქოლცენტრების” კავშირზე.

სულ რამდენიმე თვეში კი 2022 წლის 30 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ „ფორმულას”, „მთავარი არხისა” და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

იგივე გააკეთა უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 17 მაისს.

ფორმულას ადვოკატი, ეკა სუბელიანი GDI-დან, გვეუბნება, რომ ეს საქმე სამივე ინსტანციამ რეკორდული სისწრაფით გაიარა. მისი აზრით, ეს მიუთითებდა პოლიტიკურ ინტერესზე – ხელისუფლებას არ სურდა უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსი, საერთაშორისო დონეზე, გარეული ყოფილიყო ტრანსნაციონალურ დანაშაულში. 

ლილუაშვილი მაშინ სადავოდ ხდიდა „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ ეთერში გავრცელებულ განცხადებებს, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში, ე.წ ქოლცენტრების საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მისი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის, სავარაუდო ფიგურირებას უკავშირდებოდა.

დღეს დილით კი იგი დააკავეს.

მთავარი პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, მას ბრალად ედება ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის:

„ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო”, – თქვა დღეს გვარაკიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტია: ოპოზიციური ტელევიზიები და პოლიტიკოსები საუბრობდნენ ლილუაშვილის კავშირზე ქოლცენტრებთან, და ამის გამო ისინი სასამართლოშიც დამარცხდნენ, დღეს გვარაკიძემ დამატებით ასეთი რამ თქვა:

„ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ. ხოლო ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა. ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ”.

დღეს ბრიფინგზე მსგავსი განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც:

„ის, რაზეც დღეს პროკურატურამ ისაუბრა, სხვა რამეებთან ერთად, ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს და თქვენც უნდა დაფიქრდეთ ამაზე, რომ, როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია… …რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედიაც დაკავშირებული ან შეთანხმებული იყო ასეთ დროს იმისთვის, რომ შესაბამისი მედიაგაშუქება ჰქონოდა ან არ ჰქონოდა რაღაც საკითხებს… იმედია, რომ კიდევ მეტ დეტალს გავიგებთ ამასთან დაკავშირებით”.

აღსანიშნავია, რომ ლილუაშვილი არ არის ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელიც წლების განმავლობაში მედიების მხრიდან ქოლცენტრებთან კავშირში არიან მხილებულნი – მაგალითად, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ ასევე სასამართლო დავა მოუგო ტელეკომპანია პირველს, იმ სიუჟეტის გამო, რომელშიც საუბარია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე ჩართულია ქოლცენტრების საქმეში.

ტელეკომპანია „პირველს”, „ფორმულას” და „მთავარის” მსგავსად მორალური ზიანის ანაზღაურება და ეთერში გასული ინფორმაციის უარყოფა დაევალა.