„ლიტერას“ ჟიურიში კულტურის სამინისტროს მიერ შერჩეული პირი სამინისტროშია დასაქმებული

პუბლიკა

„მწერალთა სახლის“ ცნობით, წელს პირველად ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის 5 წევრიდან  4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 ბრძანების – „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ – დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

ასევე წელს პირველად  მწერალთა სახლის პრემიების ახალი დებულების თანახმად, ჟიურის ვინაობა საჯაროა. წლევანდელი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობა ასეთია:

  1. ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე
  2. რეზო თაბუკაშვილი – მწერალი
  3. ლელა კოდალაშვილი – მწერალი,  კრიტიკოსი
  4. ოქტაი ქაზუმოვი – ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
  5. იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი

როგორც „პუბლიკამ“ გაარკვია, სამინისტროს მიერ შერჩეული ჟიურის მეხუთე წევრი, იოსებ ჭუმბურიძე სამინისტროში  შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტშია დასაქმებული.

ინფორმაცია „პუბლიკას“ თავად იოსებ ჭუმბურიძემაც დაუდასტურა და გვითხრა, რომ სამინისტროში 2020 წლის დეკემბრიდანაა დასაქმებული. რაც შეეხება კითხვაზე პასუხს, თუ როგორ მოხდა მისი ჟიურის წევრად შერჩევა, ჭუმბურიძე ამბობს, რომ:

„ჩემი კვლაიფიკაციის მიხედვით შემარჩიეს ალბათ… ჩემი ბიოგრაფიის, ჩემი გამოცდილების მიხედვით… ალბათ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, როგორც გითხრათ… იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტიელბა, რომ ალბათ მე ვიყავი შესაფერისი.“

„პუბლიკა“ კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია, რა გახდა ცვლილების მიზეზი, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ ჟიურის მეხუთე წევრი შეარჩია. გარდა ამისა გვაინტერესებდა, რა პრინციპით მოხდა იოსებ ჭუმბურიძის შერჩევა. სამინისტროს განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.