ლომჯარია: შევისწავლით, ხდებოდა თუ არა უკანონო თვალთვალი ომბუდსმენის წარმომადგენლის მიმართ

პუბლიკა

„შევისწავლით, რამდენად ხდებოდა უკანონო მიყურადება ან თვალთვალი სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიმართ“, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრის მიერ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე წარდგენილ ვიდეოკამერების ჩანაწერს. მისივე თქმით, კითხვები აქვთ ამ ვიდეოს მოპოვება-გავრცელების კანონიერებაზეც.

„ვერ დავინახე განსაკუთრებული პრობლემა. არსებობს სიტუაციები, როდესაც პატიმართან ურთიერთობისას საჭიროა ნდობაში შესვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენი წარმომადგნელები ამ მიდგომას ირჩევენ ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. მე ამ ვიდეოზე ვერაფერი უკანონო ვერ დავინახე.

პირიქით, მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვები არის ამ ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებაზე – რატომ არის შენახული და დაარქივებული ამდენი თვის (მინიმუმ  6 თვის) განმავლობაში აღნიშნული ვიდეო. სახალხო დამცველი ამ საკითხის შესწავლას, მისი კანონიერების შესწავლას აუცილებლად დაიწყებს და ასევე შევისწავლით, რამდენად ხდებოდა უკანონო მიყურადება ან თვალთვალი სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიმართ“, – განაცხადა ლომჯარიამ.


თეა წულუკიანმა კომიტეტზე პენიტენციურ დაწესებულებებზე ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის განხილვისას ციხიდან ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი წარადგინა და ომბუდსმენის წარმომადგენლის ჩაცმულობა და ქცევა გააკრიტიკა.