ლომჯარიას მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისსა და სახლთან – სანდრო ბრეგაძე

პუბლიკა

„ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა „ქართულ მარშს“ ძალადობრივი ჯგუფი უწოდა, რის გამოც ლომჯარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ომბუდსმენს „მიწიერ ჯოჯოხეთს მოუწყობს“.

„ქალბატონ ნინო ლომჯარიას მოუწევს პირველ რიგში საჯარო ბოდიშის მოხდა და შემდგომში თანამდებობის დატოვება. ჩვენ ვგეგმავთ გრანდიოზულ, რადიკალურ აქციას სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ვაძლევთ  ერთკვირიან ვადას, რომ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისთან და არა მარტო ოფისთან, საცხოვრებელ სახლთანაც. თუ ოფისში დაგვემალება, ჩვენ მივალთ საცხოვრებელ სახლში“, – თქვა ბრეგაძემ.

მანამდე სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ ისინი შეხვედრაზე მზაობას გამოთქვამდნენ, თუმცა მისივე თქმით, იმ ფორმატითა და რეჟიმით, რაც ბრეგაძეს სურდა, შეხვედრა ვერ გაიმართებოდა.

„ჩვენ გახსნილები ვართ შეხვედრისთვის. მან აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა და ბუნებრივია,  ვაცნობე, რომ ამ ფორმატითა და ამ რეჟიმში ასეთი დესტრუქციული თვალსაზრისით, ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა და ამიტომ ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ვიმსჯელებდით და კანონით დადგენილი წესით ვაცნობებდით პასუხს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.