ლომჯარიას თქმით, რუსთავის ციხეში გარდაცვლილებთან ერთად 3 ადამიანი დაშავდა

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის N17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციასა და პატიმრებს შეხვდა, სადაც 14 ოქტომბერს გაჩენილ ხანძარს 2 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლომჯარიას თქმით, ხანძრის შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი, მათგან ორმა კვამლის შესუნთქვის შედეგად ინტოქსიკაცია მიიღო, ერთს კი თითი დაუზიანდა. ომბუდსმენის თქმით, მათ დაზიანებები მაშინ მიიღეს, როდესაც სხვა პატიმრების დახმარებას ცდილობდნენ, ახლა კი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

მისივე თქმით, საქმეში ყველაზე პრობლემური არის ის, რომ ადმინისტრაციას და შესაბამის პირებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, როგორ უნდა იმოქმედონ სახანძრო განგაშის შემთხვევაში.

„ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს თვითონ ციხის ადმინისტრაციას და შესაბამის პირებს, როგორ უნდა იმოქმედონ სახანძრო განგაშის შემთხვევაში, როგორც ჩანს, ეს წესები და რეგულაციები არ არის განჭვრეტადი, ნათელი, როგორც ჩანს, მშენებლობის დროსაც არ იყო სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული, რადგან მოგეხსენებათ, ციხეა და ყველგან გისოსია და ადამიანი უბრალოდ ვერ გამოვა შენობიდან თუ ასე სწრაფად გავრცელდა ცეცხლი და კვამლი. ალბათ, სახანძრო უსაფრთხოების წესები და რეაგირება არის ყველაზე პრობლემური“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სავარაუდო ციხის ბუნტზე დასმულ შეკითხვას ლომჯარია პასუხობს, რომ „არცერთი პატიმარი არ ადასტურებს, რომ იყო პანიკა ან ემოციური ფონი“.

„მათი განცხადებით, ხანძარი დაიწყო მოულოდნელად და ძალიან სერიოზული და დიდი დაკვამლიანება იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი დაღუპული პატიმარი ცდილობდა გამოსვლას… გარედანაც და შიგნიდანაც ცდილობდნენ, რომ ჩაემსხვრიათ შუშები, თუმცა, სამწუხაროდ, გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა და რეალურად როდესაც მოვიდა უკვე სახანძრო, დაახლოებით, ასახელებენ 20 წუთს… და შევიდნენ ისინი შესაბამისი აღჭურვილობით, იპოვეს 2 ადამიანი. მათ გაუკეთდათ ხელოვნური სუნთქვა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი გადარჩენა და გარდაიცვალნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, მეორე გარდაცვლილი არის, ე.წ., ბრიგადირი, პატიმარი, რომელიც ცდილობდა საკუთარი მეგობრის დახმარებას, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო დაიღუპა.

„გარეთ იყვნენ სამეურნეო ნაწილის პატიმრები, თუმცა დანარჩენი პატიმრები, ყველანი შეიყვანეს კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, კვამლის მიმართულება, პატიმრების თქმით, წავიდა მათი კორპუსის საწინააღმდეგო მხარეს. ჩემი აზრით, თუ კვამლი წავიდოდა იმ კორპუსის მიმართულებით, რომელშიც ისინი შეიყვანეს, ვფიქრობ, რომ გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა. ციხის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს იყო მათი პირველი რეაქცია და შემდგომ თუკი გართულდებოდა ვითარება მათ გადაიყვანდნენ მეორე კორპუსის ტერიტორიაზე, სადაც უფრო დიდი ტერიტორიაა და გაშლილი ეზოა, თუმცა გიდასტურებთ, რომ ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში და იქ ელოდებოდნენ“, – ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ კორპუსი, სადაც პატიმრები შეიყვანეს, იმდენად ახლოს იყო ხანძრის კერასთან (სასადილოსთან), რომ ქარის მიმართულების შეცვლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა.

„როგორც ჩანს, იყო დაბნეულობა. ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული და რეაგირება სწორად განხორციელებული, მაგრამ მე რასაც ვხედავ, თვითონ მშენებლობის დროსაც რამდენად იყო თვითონ სახანძრო უსაფრთხოება დაცული, რადგან ძალიან სწრაფად გავრცელდა და ძალიან მომწამვლელი კვამლი იყო და ეს არის სამზარეულოს ტერიტორია და ზოგადად ჩვენ დავინტერესდებით და ვნახავთ არის თუ არა ეს სახანძრო უსაფრთხოების წესები ციხეებში და რამდენად ხშირად ამოწმებენ ამ რეგულაციების დაცვას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, ჭერში გაჩნდა და შესაძლოა ის ელექტროსადენებს გამოეწვია. მანვე აღნიშნა, რომ პატიმრების მონათხრობს შორის აცდენა არ შეუნიშნავს, ასევე ყველა მათგანს აქვს ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.