ლომჯარიასთვის სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობისა და ჯანმრთელობის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა „იმედის“ ეთერში გუშინ, 17 ნოემბერს.

„ნინო ლომჯარიასთვის სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ – ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის ექსპერტების დასკვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნინო ლომჯარიას, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, აქვთ ინტერესი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკიდან გამოიხსნან.

„ნინო ლომჯარიამ იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხსნის მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ სადღაც გორის ჰოსპიტალიდან ან რომელიმე ასეთი ტიპის კლინიკიდან გამოიხსნის. ეს არის მარტივი რამ.

იგივე ინტერესი აქვთ სააკაშვილის სხვა თანამზრახველებს, ეს არის მარტივი. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და აქედან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების რისკებზე, დარწმუნებულნი ვართ, რომ სამართალდამცველი ორგანოები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და არავის მოტაცებისა და გატაცების საშუალებას არ მისცემენ ვინმეს, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები, ჩვენ ვფიქრობთ ადამიანების სიცოცხლეზე.

წარმოიდგინეთ თავდასხმა კლინიკაზე. ჩვენ არ გვინდა ადამიანების სიცოცხლე დავაყენოთ თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ. ეს არის ძალიან მარტივი რამ. სააკაშვილი რომ იყოს პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, ის დღესვე შეწყვეტდა შიმშილობას. მით უმეტეს არის სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, რომელსაც ის არ ასრულებს. კაცი რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას. იმიტომ, რომ ეს ადამიანი რეალურად შიმშილობს და აქვს რეალურად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუ გახდება რამე სპეციფიკური ოპერაცია საჭირო.

„ადამიანი არის კარგად, ჯანმრთელად, იკვებება და ა.შ. შესაბამისად, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი არის სამოქალაქო კლინიკაში, სადაც არ არის დაცული ტერიტორია, ამ შემთხვევაში რისკი ბევრად უფრო მაღალია. დავუშვათ გახდა საჭირო ოპერაცია, ასეთ დროს, ასეთი თავდასხმის რისკი და ა.შ. ნულამდეა დასული. აქედან გამომდინარე, საუბარია რაზე? ჯანმრთელი ადამიანი უნდა იყოს ციხეში თუ სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების თვალსაზრისით?“, – განაცხადა კობახიძემ.


გუშინ 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე.

დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რა პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.