ლორთქიფანიძე: არავის ეძინა, უსამართლობაა იმის თქმა, რომ ხელოვნების მუზეუმს ნაკლები ყურადღება ექცეოდა

პუბლიკა

ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ ორ სხვადასხვა ტელევიზიაში ეროვნული მუზეუმის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. შეეხო როგორც აუდიტის დასკვნის ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, ე.წ. ნამუშევრების დაკარგვის თემას და ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხს.

„მთავარ არხზე“ ნამუშევრების დაკარგვის ბრალდებაზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეროვნული გალერეიდან ნამუშევრები საქართველოს ახალდაფუძნებულ საელჩოებში აქტიურად 1990-იან წლებში გავიდა.

„1992 წელს იყო ძირითადად ეს. მაშინ ახალშექმნილ ქართულ საელჩოებში [გავიდა]. დაიწყო ამერიკის საელჩოდან, რაც ჩემი აზრით, კეთილშობილური იდეა იყო. ეს ნამუშევრები წავიდა არა სადღაც, არამედ წავიდა საქართველოს საელჩოებში. 2005 წელს როცა შეიქმნა ეროვნული მუზეუმი ჩვენ დავიწყეთ კოლექციების აღრიცხვა. კოლექციების ინვენტარიზაცია არაა საქონლის დათვლა, ეს არის რთული პროფესიული პროცესი.

ამ დღიდან ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას ყველა ნივთზე და ვიცით, სად რომელია. გალერეა 2008 წელს შემოგვიერთდა და ჩვენმა მეცნიერებმა ფონდის მცველებმა დაიწყეს დოკუმენტების შესწავლა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ენაზე იყო. ამ პროცესში აღმოაჩინეს ინფორმაცია ამ ნამუშევრების შესახებ. ის, რომ ნამუშევრები, წასულია და არის, სადღაც ნახეს ჩვენმა სპეციალისტებმა. ამის შემდეგ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და კულტურის სამინისტროც ჩართული იყო ამ პროცესში.

მოიძებნა და 80% უკან დაბრუნდა. 552 ნამუშევარზეა საუბარი. ეს არის ყველა იმ დროის ახალგაზრდა მხატვარი, რომელთაგანაც ზოგმა მიიღო აღიარება და ზოგმა ვერა. ეს იყო საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი საელჩო ირანში, სტამბულში. ზოგი დაბრუნდა, ზოგი ვერ დაბრუნდა. ჩვენი დანაშაული სად არის?“ – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

ჟურნალისტის კითხვას – თუ როგორ შეაფასებს თეა წულუკიანის ნათქვამს, სადაც ის დავით ლორთქიფანიძეს სამეცნიერო საქმიანობაზე საუბრობდა – უპასუხა:

„მეცნიერების აღიარების კრიტერიუმები არსებობს – ეს არის მათი სამეცნიერო სტატიები ავტორიტეტულ ჟურნალებში, აღიარება აკადემიაში და მაღალი რანგის მეცნიერი ვარ თუ არა, ამისთვის არსებობს კრიტერიუმები. მე ვემსახურები ჩემს პროფესიას და მგონია, რომ პირუთვნელად. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ იმ გუნდის წევრი ვიყავი, რომელმაც დიდი აღმოჩენები გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემს მასწავლებლებთან და ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად.

არასოდეს მარტო არ ვყოფილვარ არაფერში და ეს ყოველთვის იყო ერთიანი გუნდი. დიდი აღმოჩენა, რომლითაც ყველა ვამაყობთ, საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო – იმ სამეცნიერო კვლევის ხელმძღვანელი ვიყავი, თორემ, ჩემ გარდა, ათეულობით მეცნიერი მონაწილეობდა. ეს კვლევები ჩვენი ქვეყნის მიერ იქნა დაფინანსებული და შექმნილი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ კითხვებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ხელოვნების მუზეუმის  რეაბილიტაციის გეგმა უკვე მომზადებული იყო და მასზე 5 წლის წინ სპეციალურმა კომისიამ იმუშავა.

„ხელოვნების მუზეუმი უკვე მზად იყო, რომ ბოლო ეტაპი დაწყებულიყო. ხუთი წლის წინ იყო სპეციალური კომისია, რომელიც ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის დეტალებზე მუშაობდა, რომელშიც შედიოდა როგორც კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ისე საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი. ისიც აქტიურად იყო ჩართული. საპატრიარქო, რომელთან თანამშრომლობას ვერ ვახერხებდით, გახდა ჩვენი მჭიდრო პარტნიორი.

მაშინ მიხეილ გიორგაძე იყო მინისტრი. მისი მოადგილე ბატონი ხარატიშვილი მთლიანად მომაგრებული იყო ამ თემაზე, როგორ უნდა დამუშავებულიყო ხელოვნების მუზეუმის პროექტი. იქ არის ჩვენი ყველაზე დიდი საგანძური, რომელიც არავის ეკუთვნის და საპატრიარქო იცით, როგორ დონეზეა ჩართული? მათმა წარმომადგენელმა ყველა სარდაფი და კუთხე-კუნჭული იცოდა ხელოვნების მუზეუმის.

უსამართლო იმის თქმა, რომ ხელოვნების მუზეუმს ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ეს იყო მომზადებული მთავარ პროექტად, რომელიც განსაზღვრული იყო, როგორც ხედვა მთელი უბნის განვითარების. სახელმწიფომ დახარჯა ფული პროექტირებაზე და მივიღეთ ტერიტორია, რომელშიც დროებით უნდა გადავიდეს კოლექციები. ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი სახელმწიფო ამას ამზადებდა. და 2020 წლის ზაფხულში იყო მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა შიო მუჯირმა, რომ საგანძური გადასულიყო სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის სპეციალურად მომზადებულ სივრცეებში, რომელიც თანამედროვე სტანდარტით არის მომზადებული.

არავის ეძინა და არავინ ზარმაცობდა. შეცდომები დიდ დაწესებულებაში პროცესია. გამოვასწოროთ, ამაზეა საუბარი.

ორი დღის წინ მიწისძვრა იყო, ძალიან საშიში თემაა ჩვენი საგანძური. პროცესი ამდენი ხანი გაჩერებულია და ამაზე მინდა, რომ ვისაუბროთ, რომ ეს არავის ეკუთვნის. პირადი, რა თქმა უნდა, ეს მეათე ხარისხოვანია. პირველი რიგის ამოცანა ესაა“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.