ლუჰანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო - სერჰი გაიდაი

პუბლიკა

ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს და რამდენიმე დასახლება უკვე გაათავისუფლეს.

„ახლა უკვე ოფიციალურად – ლუჰანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო. ზოგიერთი დასახლება რუსული არმიისგან უკვე გათავისუფლებულია. სამხედროები ახლა უკრაინულ დროშებს აღმართავენ“, – აცხადებს გაიდაი.

სერჰი გაიდაის არ დაუზუსტებია, თუ რომელი და რამდენი დასახლება დაიბრუნეს უკრაინელებმა, თუმცა თქვა, რომ მათ შორის ერთ-ერთი ბილოჰორივკაა, სადაც შესვლის შემდეგ მძიმე სურათი დახვდათ. სოფელი, ფაქტობრივად, განადგურებულია.

„საბოლოოდ, 15 ადგილობრივ მცხოვრებს უკვე შეუძლია, თავისუფლად გამოვიდეს გარეთ. ისინი ბედნიერები იყვნენ თანამემამულეების დანახვით“, – დასძენს გაიდაი.

ინტერნეტში გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანს, რომ უკრაინელები, სავარაუდოდ, ბილოჰორივკას ჩრდილოეთით ჰრეკივკასა და მაკიივკაშიც შევიდნენ.

ლუჰანსკის ოლქის საზღვრებთან უკრაინელი სამხედროები ხარკივის ოლქსა და დონეცკის ოლქში – ლიმანის მიმართულებით წარმატებულად დასრულებული კონტრშეტევების შემდეგ დაბრუნდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ჩრდილოეთით მდებარე მნიშვნელოვანი დასახლებების კრემინნაიას და სვატოვეს მიმართულებით ცდილობენ წინსვლას.