ლუკა სირაძის საქმე – რატომ განსხვავდებოდა ბრიფინგების ვერსიები – შსს-ს განმარტება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ცაციაშვილმა 15 წლის მოზარდის საქმის შესახებ უწყებაში რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ თავდაპირველი ინფორმაცია გავაჟღერეთ იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რაც მაშინ გვქონდა და არა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე. რაც შემდგომში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოიძია კონკრეტული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად“, – თქვა ციციაშვილმა.

„ის, რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რაც შემდგომში გამოძიების შედეგად შეიძლება გამოიკვეთოს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა“, – ამბობს მინისტრის მოადგილე

„ხვალ და ზეგ შეიძლება კიდევ დამატებითი გარემოებები გამოიკვეთოს”, – განაცხადა მან.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.