სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლუკა სირაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევაზე.
„კერძოდ, შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.“ – ნათქვამია ინსპექტორის განცხადებაში.
—————————————————-
ამავე განცხადების მიხედვით, ინსპერქტორმა მარიამ ჩოლოიანის სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაგზავნა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა 400-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მ.ჩ.-ს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (ჩვენების მიცემის იძულება) ორ ეპიზოდში.
უწყების ცნობით, 2019 წლის 10 დეკემბერს შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ კედლებისა და ინვენტარის მოხატვის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელმა მ.ჩ.-მ გამოკითხვის მიზნით დაიბარა ლუკა სირაძე და მისი კანონიერი წარმომადგენელი.
„საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურად დამთრგუნველი გარემო და მუქარით, ასევე ძმისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პრობლემების შექმნის შანტაჟით, მოსთხოვა დანაშაულის აღიარება და საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენების მიცემა.“ – ნათქვამია გაცხადებაში.
ამავე საქმეზე „თბილისის მწვანე სკოლას“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებისთვის.
„შემოწმების შედეგად, სხვა დარღვევებთან ერთად, დადგინდა, რომ სკოლაში არ იყო განთავსებული ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები; ვიდეოთვალთვალი ხორციელდებოდა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში (კერძოდ, საპირფარეშოსთვის გამოყოფილი ოთახის შესასვლელ სივრცეში, სადაც განთავსებულია ე.წ. ,,კაბინები“); ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას სკოლის მიერ არ იყო მიღებული მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად სათანადო ზომები; სკოლის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა ვიდეოჩანაწერების გამჟღავნება.“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, სკოლამ ზოგადი განათლების შესახებ კანონიც დაარღვია.
„კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციამ: სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მოსწავლეებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით დროულად არ გამოიძახა კანონიერი წარმომადგენლები და არ დაასწრო ფსიქოლოგი; ერთ-ერთ მოსწავლეს წარუდგინა სკოლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მისი ყოფილი კლასელის ამოცნობის მიზნით და არ უზრუნველყო მოსწავლეთა პირადი მიმოწერის ამსახველი ჩანაწერების დაცვა.“- ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სკოლაში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების საკითხის გადაწყვეტის მიზნით განათლების სამინისტროს მიმართა.
არასრუწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. ლუკა სირაძის ოჯახი და ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ 10 – 11 დეკემბერის დღეს განყოფილებაში ყოფნის დროს არასრულწლოვანზე მხოლოდ მარიამ ჩოლოიანი არ ძალადობდა და ბრალდებულთა წრე უნდა გაიზარდოს.