ლუკა სირაძის საქმეზე სხვა პოლიციელების მიმართ დევნის დაწყების საფუძველი არ გამოიკვეთა - ინსპექტორი

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისრებისთვის გენერალურ ინსპექციას მიმართა.

უწყებაში  „პუბლიკას” განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ გამოიკვეთა.

„იკვეთება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომების ნიშნები, რის გამოც სამსახურმა მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას. აღვნიშნავთ იმასაც, რომ გამოძიება გრძელდება ამ საქმიდან გამოყოფილ საქმეზე და თუ მომავალში გამოიკვეთება რაიმე ახალი გარემოება, რომელიც შექმნის სხვა პირთა მიმართ დევნის დაწყების სტანდარტს, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”, – განგვიცხადეს უწყებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის ამ საქმეზე ჩატარდა 400-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოიკითხა 100-ობით მოწმე, ვისაც კი შესაძლოა რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა ფაქტთან დაკავშირებით.

უწყების განცხადებით, შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით, უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს.-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე გაესაუბრა. ეს ქმედებები კი ქმნის დისციპლინური დევნის საფუძველს.


არასრუწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.

ინსპერქტორმა მარიამ ჩოლოიანის სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაგზავნა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მ.ჩ.-ს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (ჩვენების მიცემის იძულება) ორ ეპიზოდში.

ამავე საქმეზე „თბილისის მწვანე სკოლას“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებისთვის.