ლუკაშენკამ დღეიდან ბელარუსში ფასების ზრდა აკრძალა

პუბლიკა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 6 ოქტომბრიდან ქვეყანაში ფასების ზრდის აკრძალვის ბრძანება გასცა. როგორც პროსახელისუფლებო გამოცემა BelTA წერს, ამის შესახებ ლუკაშენკამ ინფლაციის თემაზე ეკონომიკურ ბლოკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„6 რიცხვიდან იკრძალება ფასების ყოველგვარი მატება, იკ-რძა-ლე-ბა! ფასები კიდევ რომ არ შეცვალონ, ამიტომ არა ხვალიდან, არამედ უკვე დღეიდან აკრძალულია ფასების ზრდა. და ღმერთმა არ ქნას, ვინმემ ბუღალტერიაში ძველი თარიღით შეცვალოს რამე, რაღაც გამოთვლები, გადათვლები“, – თქვა ლუკაშენკამ.

ლუკაშენკამ ასევე მკაცრად გააფრთხილა ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომ არ დახურონ კომპანიები, არ გავიდნენ ქვეყნიდან და არ დატოვონ ბელარუსის ბაზარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაკისრებით დაემუქრა.

თუმცა ლუკაშენკამ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, დაუშვან გამონაკლისებიც და დაადგინა პასუხისმგებელ პირთა წრეც, რომლებიც უფლებამოსილები იქნებიან, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები. მათ შორის, ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრი ან ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.