ლუკაშენკას თქმით, სურს, ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობა გააღრმავოს

პუბლიკა

ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, მას სურს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან არამხოლოდ მეგობრული, არამედ უფრო სერიოზული ურთიერთობა დაამყაროს. ამის შესახებ ლუკაშენკამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა.

„გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინთან განვიხილავდი აფხაზეთის პრობლემებს, გვიანობამდე. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ გამოწვევებზე და მივედით საერთო დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არსებობს, მას რუკიდან ვერ წაშლიან და აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ. მას სჭირდება დახმარება, რომ ამ აყვავებულმა მხარემ და ხალხმა, რომელიც აქაა, ნორმალურად იცხოვროს“, – თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკამ გაიხსენა, რომ საბჭოთა პერიოდში ის უკვე ყოფილა აფხაზეთში და ახლა სურს, აფხაზეთთან ურთიერთობა გააღრმაოს.

„მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელი გავატარე პოლიტიკაში. მოდით დავფიქრდეთ, ვისაუბროთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ. მთავარი ისაა, რომ აქ ღირსეულად იცხოვროს ხალხმა, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე, ხალხი კი წმინდა. ეს მახსოვს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, როცა აქ ვიყავი. ამიტომ ჩვენ  გვინდა, რომ არამხოლოდ მეგობრობის ხიდი გავდოთ, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობა დავამყაროთ“, – თქვა ლუკაშენკამ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ბჟანიამ და ლუკაშენკამ შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებთან ერთად, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრეს.

ასლან ბჟანიამ კი გაიხსენა, რომ ლუკაშენკა 1996 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, რომ აფხაზეთში ამას ძალიან აფასებენ. „ჩვენ კარგი ადამიანური ურთიერთობები გვაქვს, მოხარული ვართ აქ თქვენი ჩამოსვლით“, – თქვა ბჟანიამ.

გუშინ გამართულ შეხვედრაზე, როგორც ბჟანიას ადმინისტრაცია წერს, ლუკაშენკამ და ბჟანიამ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. ლუკაშენკამ თქვა, რომ რუსეთი მზადაა, ხელი გაუწოდოს მათ და შესაძლოა ამისი დროც მოვიდა.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვხედავთ როგორი გახდა მსოფლიო. ჩვენ არავინ მოგვცემს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. ასე რომ, უნდა გავაძლიეროთ ურთიერთობები მეგობრებთან“, – თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ასლან ბჟანიამ კი დასძინა, რომ სიტუაცია მსოფლიოში მართლაც რთულია. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. აფხაზეთის თითოეული მოქალაქე შეშფოთებულია იმით, რაც ხდება. თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენი მოქალაქეები დღეს დონბასისთვის იბრძვიან. სამწუხაროდ, გვყავს მსხვერპლიც“, – თქვა ასლან ბჟანიამ.