ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოში ელჩად ნიკოლაი როგაშჩუკი დანიშნა.
როგაშჩუკი აქამდე პრეზიდენტის ქონების მართვის დირექტორატის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
როგაშჩუკი რამდენიმე ქვეყნის მიერაა სანქცირებული.
ლუკაშენკოს თქმით, ბუნებრივად დგება მომენტი, როცა ელჩი უნდა შეიცვალოს და გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე აქტიური ადამიანი სჭირდებოდათ.
„ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან. ძალიან აფასებენ ჩვენს ხალხს. და მეტ-ნაკლებად ნორმალური დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ. დიახ, ტვინი გამოურეცხეს, თითქოს ჩვენ ვართ მათი მეტოქეები და თითქმის მტრები. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგე.
ჩვენ მომხრე ვართ, რომ ოსებმაც და აფხაზებმაც მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან. როგორ იქნება ეს, იქ გადაწყვეტენ – ერთ სახელმწიფოში ერთად, ფედერაციაში თუ სხვაგან, ეს მათი საკითხია. ჩვენ ამაში არ ვერევით. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოა ხალხისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ლუკაშენკომ საქართველოში ბელორუსის ელჩად ნიკოლაი როგაშჩუკის დანიშვნასთან დაკავშირებით.