„ლუკოილის“ თანამშრომლები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ

პუბლიკა

„ლუკოილის“ თანამშრომლები თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე „ლუკოილის“ ფილიალთან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. მათი თქმით, ისინი პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და ახალგაზრდულ მოძრაობასთან ერთად უკვე თითქმის ერთი თვეა, მოლაპარაკებებს აწარმოებენ დამსაქმებელთან. საკითხი შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის მატებას ეხება. აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო მედიატორიც არის ჩართული, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიის მხრიდან შეთავაზებული პირობები ვერ პასუხობს თანამშრომელთა მოთხოვნებს.

„პუბლიკასთან“ „ლუკოილის“ ჩამსხმელი-ოპერატორი გიორგი კევლიშვილი ამბობს, რომ წინასაგაფიცვო პერიოდი უკვე გასულია და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენზინგსამართი სადგურების თანამშრომელთა 90% გაიფიცება.

კევლიშვილის თქმით, ჩამსხმელ-ოპერატორები თვეში ხელზე 372 ლარსა და 40 თეთრს იღებენ, აქციის მონაწილეები კი ხელფასის, თუნდაც ეტაპობრივად, 40-50%-ით გაზრდას მოითხოვენ. კევლიშვილი ამბობს, რომ ოპერატორები სამ დღეში ერთხელ 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. მისივე თქმით, თანამშრომლები ვერ სარგებლობენ დაზღვევით. კუთვნილი 24-დღიანი შვებულების აღების შემთხვევაში კი, დასაქმებულს უწევს გაცდენილი სამუშაო დღეების ანაზღაურება ან თანამშრომლებისთვის თანხის განაწილება.

„ლუკოილის“ თანამშრომელი „პუბლიკასთან ამბობს, რომ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებთან ხშირი შეხების მიუხედავად, არ მოწმდება დასაქმებულთა ჯანმრთელობა და არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა. სამუშაო ადგილზე შესვენებისას კი კუთვნილ დროს ვერ იყენებენ საფუძვლიანად.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile