ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებში „დემოკრატიულმა პარტიამ“ კონგრესის ორივე პალატაზე მოიპოვა კონტროლი. ამერიკული მედიის ცნობით, „დემოკრატები“ იგებენ და უკვე ფლობენ უმრავლესობას როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში.
ბოლო მონაცემებით, „დემოკრატებს“ უკვე 54 სენატორი ჰყავთ, „რესპუბლიკელებს“ კი – 44, გამოსაქვეყნებელია კიდევ 4 ვაკანტური ადგილის მონაცემები. უმრავლესობისთვის „დემოკრატებს“ 51 სენატორი სჭირდებოდათ.
რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას ანუ ე.წ. ჰაუზს, „დემოკრატიული პარტიას“ ბოლო მონაცემებთ, იქ უკვე 227 ადგილი აქვთ, „რესპუბლიკურ პარტიას“ კი – 139. გამოსაქვეყნებელია კიდევ 75 ვაკანტური ადგილის მონაცემები. წარმომადგენელთა პალატაში სულ 435 ადგილია და უმრავლესობისთვის საჭიროა 218 წარმომადგენლის ყოლა.
აქამდე „რესპუბლიკელები“ უმრავლესობას ფლობდნენ კონგრესის ორივე პალატაში. ამ არჩევნების შედეგებით კი, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, ფიქსირდება ე.წ. ლურჯი ტალღა, „დემოკრატების“ მნიშვნელოვანი გამარჯვება, მათ შორის, ისეთ შტატებში, რომლებიც ტრადიციულად „რესპუბლიკელების“ მომხრედ მიიჩნეოდა წლების განმავლობაში.
ამერიკული მედიის საერთო შეფასებით, არჩევნების შედეგი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა:
- ცხოვრების გაძვირება და ინფლაცია — AP-ის ამომრჩეველთა გამოკითხვის თანახმად, ეკონომიკა არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ყოველდღიური ხარჯები და ცხოვრების ღირებულება.
- ირანში ომი — საგარეო პოლიტიკის ეს საკითხი ამომრჩეველთა განწყობებზე გავლენის ერთ-ერთ ფაქტორად განიხილებოდა. არჩევნების წინანდელი გამოკითხვები და ანალიზები აჩვენებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ირანის პოლიტიკას ამომრჩეველთა ნაწილი უარყოფითად აფასებდა.
- ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობა —არჩევნები ამომრჩეველთა ნაწილისთვის პრეზიდენტის პოლიტიკის შეფასების შესაძლებლობად იქცა. AP-ის გამოკითხვის თანახმად, დაახლოებით 10-დან 6 ამომრჩეველი ტრამპის პრეზიდენტობას არ იწონებდა.
- კორუფციის საკითხები —AP-ის ამომრჩეველთა გამოკითხვაში დემოკრატიის მდგომარეობა და კორუფცია იმ საკითხებს შორის იყო, რომლებსაც ამომრჩევლები საკუთარ არჩევანში მნიშვნელოვან ფაქტორებად ასახელებდნენ.
- ახალგაზრდა და ლათინოამერიკელი ამომრჩევლების ნაწილის გადანაცვლება დემოკრატების მხარეს — AP-ის გამოკითხვის თანახმად, 30 წლამდე ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში დემოკრატ კანდიდატებს დაუჭირა მხარი. დემოკრატებმა მხარდაჭერა მოიპოვეს ლათინოამერიკელ ამომრჩევლებშიც — ამ ჯგუფის დაახლოებით 60%-მა დემოკრატ კანდიდატებს მისცა ხმა. AP-ის შეფასებით, ეს მონაცემები მიუთითებს, რომ რესპუბლიკელებმა 2024 წელს დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კოალიციის ნაწილის მხარდაჭერა დაკარგეს.
The Washington Post-ის, ABC News-ისა და Ipsos-ის ოქტომბრის ერთობლივი გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის საქმიანობას გამოკითხულთა მხოლოდ 33% იწონებდა, 66% კი უარყოფითად აფასებდა. ამავე გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა დაახლოებით სამ მეოთხედს უარყოფითი შეფასება ჰქონდა ტრამპის პოლიტიკის მიმართ ინფლაციასა და ცხოვრების ხარჯებთან დაკავშირებით.
AP-ის ამომრჩეველთა გამოკითხვის თანახმად, არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ ეკონომიკურ უკმაყოფილებას, არამედ დემოკრატიის მდგომარეობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების საკითხებსაც.
ტეხასი — დემოკრატების ისტორიული გამარჯვება
არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ტეხასში დაფიქსირდა. შტატში, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ, დემოკრატებმა სენატის მანდატიც მოიპოვეს და გუბერნატორის არჩევნებშიც გაიმარჯვეს.
სენატში დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ რესპუბლიკელი კენ პაქსტონი დაამარცხა. Reuters-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა 1994 წლის შემდეგ, როდესაც დემოკრატმა ტეხასში შტატის მასშტაბის არჩევნებში გაიმარჯვა. ტალარიკოს გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ტეხასი რესპუბლიკელების ერთ-ერთ მთავარ საარჩევნო დასაყრდენად მიიჩნეოდა.
გუბერნატორის არჩევნებში კი დემოკრატმა ჯინა ჰინოხოსამ მოქმედი რესპუბლიკელი გუბერნატორი გრეგ ებოტი დაამარცხა. Associated Press-ის ცნობით, ჰინოხოსა ტეხასის პირველი ლათინო გუბერნატორი იქნება და პირველი დემოკრატი, რომელიც ამ თანამდებობას 1990-იანი წლების შემდეგ დაიკავებს. ებოტი, რომელიც მეოთხე ვადით არჩევას ცდილობდა, არჩევნებში დამარცხდა და ჰინოხოსას გამარჯვება აღიარა.
ჰინოხოსა კამპანიისას ყურადღებას ამახვილებდა კორუფციაზე, ცხოვრების გაძვირებაზე, საჯარო სკოლების დაფინანსებასა და მონაცემთა ცენტრების გაფართოებაზე. AP წერს, რომ მისი გამარჯვება რესპუბლიკელებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ტეხასი საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიისთვის ერთ-ერთ საკვანძო შტატად რჩება.
კანზასი — დემოკრატმა სენატორი 94 წლის შემდეგ პირველად მოიგო
დემოკრატებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს კანზასშიც, სადაც დემოკრატმა ადამ ჰამილტონმა მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი როჯერ მარშალი დაამარცხა.
Reuters-ის ცნობით, ჰამილტონი კანზასის პირველი დემოკრატი სენატორი იქნება 94 წლის განმავლობაში. ეს შედეგი განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა კანზასი 16 პროცენტულ პუნქტზე მეტით მოიგო.
ჰამილტონი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მეთოდისტური ეკლესიის პასტორია, წინასაარჩევნო კამპანიისას ცხოვრების გაძვირებაზე, ხელმისაწვდომობაზე და პარტიებს შორის თანამშრომლობაზე საუბრობდა. საკუთარ თავს „დამოუკიდებლად მოაზროვნე დემოკრატს“ უწოდებდა. მარშალს კი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უჭერდნენ მხარს.
დემოკრატების გამარჯვებები სხვა რესპუბლიკელთა დასაყრდენ შტატებშიც
დემოკრატებმა წარმატებას მიაღწიეს სხვა შტატებშიც, სადაც რესპუბლიკელებს ძლიერი პოზიციები ჰქონდათ.
აიოვაში დემოკრატმა ჯოშ ტურეკმა სენატის არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო გუბერნატორის თანამდებობა დემოკრატმა რობ სენდმა მოიპოვა. მაინის შტატში დემოკრატმა ტროი ჯექსონმა რესპუბლიკელი სენატორი სიუზან კოლინზი დაამარცხა. ოჰაიოში კი დემოკრატმა შეროდ ბრაუნმა სენატის მანდატი მოიპოვა.
Reuters-ის ცნობით, სამხრეთ კაროლინაშიც დემოკრატებმა შეძლეს ტრამპის მიერ მხარდაჭერილი სენატორობის კანდიდატის დამარცხება — ეს იმ შტატში მოხდა, სადაც ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თითქმის 18-პროცენტიანი უპირატესობით მოიგო.
ისტორიული შედეგები — პირველი მუსლიმი სენატორი
მიჩიგანის სენატის არჩევნებში დემოკრატმა აბდულ ელ-საიედმა რესპუბლიკელი მაიკ როჯერსი დაამარცხა. Reuters-ისა და The Guardian-ის ცნობით, ელ-საიედი აშშ-ის ისტორიაში პირველი მუსლიმი იქნება, რომელიც სენატში აირჩიეს.
42 წლის ელ-საიედი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუშაობდა. წინასაარჩევნო კამპანიისას ის ყურადღებას ამახვილებდა ოჯახებისთვის ხარჯების შემცირებაზე, კორპორაციების გავლენის შეზღუდვასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე — Medicare for All-ზე.
კამპანიის დროს რესპუბლიკელები ელ-საიედის წინააღმდეგ მის რელიგიურ კუთვნილებასა და მუსლიმურ საძმოსთან სავარაუდო კავშირებზე საუბრობდნენ. Reuters წერს, რომ ელ-საიედმა ეს ბრალდებები უარყო და მათ დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდა. დემოკრატებმა ოპონენტების გზავნილები ისლამოფობიურად შეაფასეს.
ქალი გუბერნატორები და სხვა ისტორიული პირველობები
2026 წლის არჩევნებმა გუბერნატორების დონეზეც რამდენიმე ისტორიული შედეგი მოიტანა.
ჯორჯიაში ყოფილმა ატლანტის მერმა, დემოკრატმა კეიშა ლენს ბოტომსმა რესპუბლიკელი რიკ ჯექსონი დაამარცხა. ის აშშ-ის ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალი იქნება, რომელიც რომელიმე შტატის გუბერნატორის თანამდებობას დაიკავებს. ამასთან, ბოტომსის გამარჯვებით ჯორჯიის გუბერნატორის თანამდებობა დემოკრატებმა 1998 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.
ნიუ-მექსიკოში გუბერნატორად აირჩიეს დებ ჰაალანდი — ლაგუნა პუებლოს ტომის წარმომადგენელი და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილი შინაგან საქმეთა მდივანი. Al Jazeera-ს ცნობით, ის აშშ-ის ისტორიაში პირველი მკვიდრი ამერიკელი ქალი იქნება, რომელიც შტატის გუბერნატორი გახდება.
ოჰაიოში დემოკრატმა ემი აქტონმა გაიმარჯვა და შტატის პირველი ქალი გუბერნატორი გახდება. ფლორიდაში კი რესპუბლიკელმა ბაირონ დონალდსმა გუბერნატორის არჩევნებში გამარჯვებით შტატის პირველი შავკანიანი რესპუბლიკელი გუბერნატორის სტატუსი მოიპოვა.
კალიფორნიაში გუბერნატორად დემოკრატი ქსავიე ბესერა აირჩიეს — Reuters-ის ცნობით, ის შტატის პირველი ლათინო გუბერნატორი იქნება.
ისტორიული ცვლილებები სენატშიც მოხდა. ნიუ-ჰემფშირიდან არჩეული დემოკრატი კრის პაპასი აშშ-ის ისტორიაში პირველი ღიად გეი სენატორი იქნება. ამასთან, მომდევნო მოწვევის სენატში სამი შავკანიანი ქალი იმსახურებს — ილინოისიდან ჯულიანა სტრატონი, დელავერიდან ლიზა ბლანტ როჩესტერი და მერილენდიდან ანჯელა ელსბრუკსი.
„დემოკრატებისთვის“ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვება ტრამპის ადმინისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივებზე გავლენის გაზრდას ნიშნავს, ხოლო სენატში უმრავლესობის მოპოვება დამატებით ბერკეტებს მისცემს. შესაბამისად, არჩევნების შედეგი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ტრამპი მომდევნო ორი წლის განმავლობაში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას. „დემოკრატების“ გამარჯვების შემთხვევაში მას ამ პროცესში ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს.