MAC: საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

პუბლიკა

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აცხადებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. კოალიცია ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ და განხორციელებულ „ანტიდემოკრატიულ ღონისძიეებს“, რაც, მათი შეფასებით, საბჭოთა კავშირისა და დღევანდელი რუსეთის რეპრესიული სისტემის მეთოდებს იმეორებს და ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებისკენაა მიმართული.

განცხადებაში გამოყოფილია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმე – კოალიცია აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა „ქართული ოცნების“ რეპრესიული ხასიათის გამოვლინებაა.

„ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ მხედველობის,  მწვავე გაუარესება აშკარად მიუთითებს უკანონო პატიმრობის ნეგატიურ ზეგავლენას მის ჯანმრთელობაზე. ევროპარლამენტის მიერ 324 ხმით მიღებული რეზოლუცია, რომელიც მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს, ცხადყოფს, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს საქართველოში მიმდინარე რეპრესიების პოლიტიკურ ხასიათს“, – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებებს, კოალიცია ამბობს, რომ ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევის გაგრძელებას, ქმნის ისეთ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც პრაქტიკულად აუქმებს მედიას, ჟურნალისტებს აიძულებს თვითცენზურას და საბოლოოდ ასამარებს კრიტიკულ საზოგადოებრივ დისკურსს.

„აღნიშნული ცვლილებებით მაგალითისთვის წყაროების დაცვის უფლების გაუქმება პრაქტიკულად ნიშნავს საგამოძიებო ჟურნალისტიკის დასასრულს. შეუძლებელი გახდება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების გაშუქება. სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირების დაწესება კი იძლევა ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი კრიტიკული ხმის ჩასახშობად, რომელიც თითოეულ მოქალაქეს დააყენებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე“, – წერია განცხადებაში.

განცხადება ეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს. კოალიციის შეფასებით:

„ეს ცვლილებები მედიის საქმიანობას კრიტიკულად შეზღუდავს და ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლო სისტემის კონტროლს საზოგადოების მხრიდან“.

კოალიციის შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მედია ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციების – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „მედიის განვითარების ფონდი“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და „სამართლიანი არჩევნების“ წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს კოორდინირებულ შეტევას სამოქალაქო საზოგადოებაზე.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს სრულ სოლიდარობას წევრი ორგანიზაციების მიმართ. ასევე, მხარს ვუჭერთ პარტნიორ ორგანიზაციებს, ჩვენს კოლეგებს მათ სამართლებრივ ბრძოლაში და გვჯერა, რომ ეს რეპრესიული ღონისძიებები ვერ შეაჩერებს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას. ჩვენი ორგანიზაციები გამოიყენებენ ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ მექანიზმს მათი უფლებების და ღირსების დასაცავად.

ამ კრიტიკულ მომენტში მედია ადვოკატირების კოალიცია მიმართავს საქართველოს ყველა დემოკრატიულ ძალას, მედია ორგანიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს და თითოეულ მოქალაქეს – გააერთიანონ ძალები მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვა არის დემოკრატიის თავისუფლების საფუძველი. 

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს და დემოკრატიულ ქვეყნებს, გააძლიერონ ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მხარდაჭერა გამოუცხადონ დემოკრატიულ ძალებს ქვეყანაში“, – წერია განცხადებაში.