მაჩალიკაშვილთან ერთად მეტი შანსია, რომ პროვოკაციულები იყვნენ – მდინარაძის განმარტება

პუბლიკა

„როდესაც არსებობს გარკვეული რისკი, უსაფრთხოებისა და პროვოკაციის კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, შეზღუდოს საშვის დაშვება და ადამიანის შემოშვება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტში არშეშვებათან დაკავშირებით  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და სხვები პროვოკაციაზე მიდიოდნენ. მდინარაძემ აღნიშნა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ისინი უფრო მეტს მოინდომებდნენ და იყო დიდი შანსი, რომ უფრო პროვოკაციულები ყოფილიყვნენ.

„როდესაც თქვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში, თუ როგორ პროვოკაციაზე მოდიან ის ადამიანები, რომლებიც გეგმავენ ამ სპექტაკლებს, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად უფრო მეტი შანსია, რომ მათ მეტი მოინდომონ, მეტად პროვოკაციულები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მათ არ მივეცით ამის საშუალება და მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. მე ვუთხარი ქალბატონ თინას, როდესაც უნდა, ჩაატაროს ბრიფინგი და გვერდით დაიყენოს მალხაზ მაჩალიკაშვილი. მას შეუძლია ეს გააკეთოს პარტიის ოფისში და არა პარლამენტში. რატომ არ აკეთებს ამას პარტიის ოფისში? იმიტომ რომ, მას სურს, მოაწყოს პროვოკაცია. რისკზე საუბარი არის აბსოლუტურად რელევანტური“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვებას მოითხოვდა, რასაც საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა.

მალზახ მაჩალიკაშვილი დაცვის წევრებმა  შენობაში არ შეუშვეს, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დაპირისპირების შემდეგ კი მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. მას ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა.

ბოკუჩავა მდინარაძისგან მოითხოვდა, განემარტა, თუ რის საფუძველზე არ შეუშვეს მალხაზ მაჩალიკაშვილი შენობაში.