მაჭარაშვილი: შეიძლება არჩევნების გაყალბება იმისთვის დაგვჭირდეს, რომ ძალიან ბევრი ხმა არ ავიღოთ

პუბლიკა

„ჩვენ შეიძლება არჩევნების გაყალბება იმისთვის დაგვჭირდეს, რომ ძალიან ბევრი ხმა არ ავიღოთ” – ეს „ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გასული პარტიის,  „ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა.

„ძალიან ბევრი ხმა რომ არ ავიღოთ და საერთოდ არ გაქრეს ოპოზიცია მომავალ პარლამენტში”, – თქვა მან.

მაჭარაშვილს ჟურნალისტებმა ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე ჰკითხეს, რომელიც ე.წ. ლამინირებული, ძველი პირადობის მოწმობებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას გულისხმობს.

მაჭარაშვილის თქმით, ვისაც ახალი ID ბარათის აღების სურვილი არ ექნება, დროებითი ერთთვიანი ძველი პირადობის მოწმობის აღებას შეძლებს.

„ასეთი დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანია, რომელიც ახალ აიდი ბარათებს უფასოდ აიღებს. რეგულაციებზე ჩანაწერს რაც შეეხება, იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაც რაღაც შეხედულების გამო მაინც არ აქვს სურვილი, რომ აიღოს ახალი ბარათი, მასაც ექნება საშუალება, აიღოს, ოღონდ დროებით, ერთთვიანი ძველი პირადობის მოწმობა. ამით ვასრულებთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციას”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები გაუქმდება, სანაცვლოდ კი მოქალაქეებზე გაიცემა ელექტრონული ID მოწმობები, რომელზეც დაიტანენ შესაბამისი პირის იმავე საიდენტიფიკაციო მონაცემებს.

ე.წ. ლამინირებული მოწმობები 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება.