მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს, რომ ახალი წელი დგება

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის დღეს საახალწლო მიღებას გამართავს. პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. ღონისძიება 19:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრებას გეგმავს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა.

ცნობილია, რომ ღონისძიებაზე დასწრებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს. პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მედიასთან ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე შეკითხვას უპასუხა:

„ანუ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს, რომ ახალი წელი დგება“.

მისი თქმით, მმართველი პარტია ნორმალური პოლიტიკური დიალოგისთვის მზად არის.

„იქ იქნება ჩვენი წარმომადგენელი, ასევე იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. იქ რა დისკუსია იქნება, ვნახავთ. ჩვენ არა მხოლოდ განცხადებებით გავაკეთეთ ძალიან ბევრი იმისთვის, რომ სიტუაციის დეპოლარიზაცია მომხდარიყო. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ნორმალური პოლიტიკური დიალოგისთვის. თუ მათ საკითხი დააყენეს, რომ სააკაშვილი გაათავისუფლონ პატიმრობისგან და „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არ არის შერიგების ფორმატი. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, სხვა პარტიები დაფიქრდებიან, რომ აუცილებელია ნორმალური პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.