მაჭარაშვილი: სააკაშვილისთვის, რაც მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მისთვის

პუბლიკა

დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე მედიასთან კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„პატიმარ სააკაშვილის გამოსვლებს რაც შეეხება, როგორც წინა სასამართლოზე ვიხილეთ, სავარაუდოდ, ეს სასამართლო სხდომაც იქნება მისთვის პოლიტიკური ტრიბუნა. თუმცა, მიმაჩნია, რომ, რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, თუ რატომ არის განსასჯელი ახლა და რატომ გამოიტანა თავის დროზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი.

რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკურ საკითხებზე, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის, რადგან ნაკლები გვექნება სამტკიცებელი მის მოღვაწეობაზე, რა დანაშაულები ჩაიდინა და უარესია მისთვის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდება საზოგადოებას,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესზე დასასწრებად თბილისშია გადმოყვანილი. მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პენიტენციური სამსახურის ესკორტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა და უკვე სასამართლოს ეზოში შევიდა. სასამართლო პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს. 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარმდაჭერები აქციას მართავენ.