მაჭავარიანი კონსტიტუციას რეგულარულად არღვევს, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველია – საია

პუბლიკა

„ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, კონსტიტუციას რეგულარულად არღვევს, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველია“, – საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაცია ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის დარგობრივ კომიტეტზე გამოუცხადებლობას ეხმაურება.

ორგანიზაცია მიიჩნევს, ამით მაჭავარიანმა კონსტიტუციისა და რეგლამენტის მოთხოვნები დაარღვია, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს იმპიჩმენტის დაწყების საბაბს.

საიას განცხადებით,  ერთადერთი, როცა შესაძლებელია, რომ მინისტრი არ გამოცხადდეს დათქმულ დროს და შეცვალოს დღე, ეს მოწვევის ინიციატორთან შეთანხმებაა, მოცემულ შემთხვევაში კი ეს არ მომხდარა.

საია განმარტავს, რომ იმპიჩმენტის დაწყებას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის (50 წევრის) მხარდაჭერა სჭირდება. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა და უზენაესი კანონის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, პარლამენტს 76 ხმა სჭირდება მინისტრის გადასაყენებლად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები” 24 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დაიბარა. მინისტრი სხდომაზე არ გამოცხადდა.

„ივანე მაჭავარიანის განცხადებით, უგულებელყოფის მიზეზი რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში წარდგომაა. ამასთან, მან წერილიც კი გააგზავნა კომიტეტში, სადაც მიუთითა, რომ ყველა კითხვას „მინისტრის საათის“ ფორმატში გასცემდა პასუხს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ „მინისტრის საათის“ და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დაბარება ურთიერთჩანაცვლებად საზედამხედველო მექანიზმებს არ წარმოადგენს, ისინი სხვადასხვა მიზანს ემსახურება”, – წერს საია.