მაჭავარიანი: საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლა გახარიასაც მოუწევს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლა გიორგი გახარიასაც მოუწევს

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ გიორგი გახარიამ რამდენიმე თვის წინ „ტვ პირველის“ ეთერში „არასახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა”.

კერძოდ, მაჭავარიანის თქმით, გახარია ამბობდა, რომ პროტესტის „პირველი ფაზა იყო, 20 იანვრამდე რევოლუციით ჩაენაცვლებინა „ქართული ოცნება“ და თუ ეს არ გამოუვიდოდათ, შემდეგი ფაზა იქნებოდა თამაშში ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციის შემოყვანა“.

გარდა ამისა, მაჭავარიანის თქმით, „გახარიას პარტიას 4 მუნიციპალიტეტში აქვს კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან” – მეტი პარტნიორობა რა უნდა იყოს?”

„მოუწევს ბატონ გახარიას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ოთხივე პარტიამ ბრიუსელში გააგზავნა წერილი, სადაც ბრიუსელის ბიუროკრატებს ეხვეწებოდნენ, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეეჩერებინათ საქართველოსთან, ასევე ყველანაირი დახმარება ენჯეო სექტორთან გადაემისამართებინათ, გაეუქმებინათ ვიზიტები, არანაირი შეხვედრები არ ყოფილიყო, ასე ღიად ითხოვენ საქართველოს ანქცირებას და არ ვიცი, ახსნან ეს ყველაფერი, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამას ობიექტურ ახსნას მოუძებნიან“. – თქვა ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჯანსაღი ოპოზიცია სჭირდება, ახლა კი „4 რადიკალური პარტიაა, რომლიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს“.

გუშინ, 27 მარტს „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატს 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გაავრცელებენ, რათა მისი „საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტკონსტიტუციური ქმედებების ფარგლებით“.

მისივე განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა „ქართულ ოცნებას” მისცემს „მყარს საფუძველს”, რათა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვონ როგორც ენმ-ის, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება.


„ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელსაც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია” ჰქვია, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოუსმინეს ყფილ ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ასევე – საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულს შიდა ქართლში მიხეილ ქარელს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, 2008 წლის ომის დროს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევს და პაატა დავითაიას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა.

27 მარტს მოუსმინეს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკს, სამხედრო ექიმ ლაშა ქოიავას, შს მინისტრის ყოფილ მოადგილე შალვა ჯანაშვილს და ყოფილი სამხედრო მეთაურს, გენერალ-მაიორ ზაზა გოგავას.

28 მარტს მოუსმინეს მამუკა ყურაშვილს, რომელიც  2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსი იყო.

2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრასთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე დაბარებული იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა, ის არ გამოცხადდა. ასევე არ გამოცხადდა გოკა გაბაშვილი.

კომისიამ 17 თებერვალს ასევე მოუსმინა „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს, რომელმაც ილაპარაკა როგორც 2008 წლის ომზე, ისე ადამიანის უფლებათა დარღვევის საქმეებზე, რომლებიც 2003-2012 წლებში საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა.

გარდა ამისა, საგამოძოებო კომისიამ შპს „მაგნატის” და მისი მესაკუთრე ჯემალ ლეონიძის საქმეების განხილვაზე დაიბარა „ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. არც ერთი მათგანი სხდომაზე არ მივიდა. პროკურატურამ ორივე მათგანზე დაიწყო გამოძიება. გამოძიება დაწყებულია ირაკლი ოქრუაშვილის არგამოცხადების საქმეზეც.

კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გამოძიება იწყება სსკ-ის 349-ე მუხლით, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების 3 წლამდე ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს.