„მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, ვისთვისაც პირადი კომფორტი ნაკლებ მნიშვნელოვანია“ - ხუნდაძე

პუბლიკა

თერჯოლის, ახალციხის, ჭიათურისა და ლაგოდეხის საკრებულოს წევრები, რომლებმაც დღეს თანამდებობები დატოვეს, თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ისინი პარტიის რეგიონულ მდივანს, დიტო სამხარაძეს ხვდებიან.

როგორც გიორგი ღამბაშიძემ, ლაგოდეხის საკრებულოს წამომადგენელმა განაცხადა, მიხეილ ყაველაშვილის წერილზე კელი დეგნანის პასუხის შემდეგ მიიღო პოსტის დატოვების გადაწყვეტილება. მისი თქმით, „ეს აღმოჩნდა ბოლო წერტილი“ მისთვის.

„საქართველოს პარლამენტის ხალხის მიერ არჩეულ წევრს, დასანანია, რომ პასუხობ, რომ წერილი ბოლომდე არც წაიკითხე“, – ამბობს ის და კელი დეგნანს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პარტიას იმიტომ გაემიჯნა, რომ მისი განცხადებების გამო პარტია „არ ჩავარდეს უხერხულ მდგომარეობაში“.

რეგიონებში „ქართული ოცნების“ წევრების გასვლას განცხადებით გამოეხმაურა მმართველი გუნდის ყოფილი წევრი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც ყოფილ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, ვისთვისაც პირადი კომფორტი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესი. რთულია დღეს ამ ველზე მოქმედება, მაგრამ საჭირო, რომ ქვეყანა შეუქცევად პრობლემებში არ აღმოჩნდეს.

ოპონენტების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის საფარქვეშ, ცდილობენ მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნების ინტერესით იხელმძღვანელონ და „თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა”. მათი ძირითადი იარაღი არის ცინიზმი და შეურაცხყოფა, რაშიც პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტებიც არ ჩამორჩებიან. სწორედ ეს არ არის დასავლური სტანდარტი და ის ხელს უშლის ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისკენ სვლას და დეპოლარიზაციის შემცირებას.

მივმართავ ყველას, ვინც ასეთ ანტიდემოკრატიულ ქმედებას სჩადის. გთხოვთ პატივი სცეთ თქვენგან განსხვავებულ აზრს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის. სწორედ ეს არის დასავლური სტანდარტი. ჩვენგან ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული და ნერვებს გაუფრთხილდით. დარწმუნებული ვართ, ეს თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ არგებს ჩვენს სახელმწიფოს.

საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია და მჯერა, კიდევ ბევრი შემოგვიერთდება ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად“, – აცხადებს ხუნდაძე.