საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გამოეხმაურა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია, საქართველოსთვის კი ევროპული პერსპექტივაა მნიშვნელოვანი.
„პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს.
საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს.
მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ.
ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის (ევროკავშირის) მომავალსაც გაიზიარებს!“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისია დეკემბერში იმსჯელებს. EU-მ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი 2022 წლის 24 ივნისს ერთხელ უკვე უთხრა და გადაწყვეტილების გადახედვის პირობად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება დაავალა.