„მაგარ შარში ხარ ძმაო, ამათ როგორ დაუძვრები, არ ვიცი" – კვარაცხელია მძარცველთან საუბარს იხსენებს

პუბლიკა

გუშინ გათავისუფლებული მძევლებიდან ერთ-ერთი, ირაკლი კვარაცხელია, რომელიც მძარცველის დავალებით გუშინ „მთავარ არხს“ დაუკავშირდა, მის მიმართ წარმოებულ ანტიპიარს აფასებს და ამბობს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამორალური ქცევაა.

„სხვათა შორის, ამაზე მძარცველმაც გაამახვილა ყურადღება, როდესაც ნახა, რომ ტელეფონით ლაივში ვუყურებდით საინფორმაციო გამოშვებას“, – ამბობს კვარაცხელია.

მას ზუსტად არ ახსოვს, რომელი საინფორმაციო გამოშვება იყო. „მძარცველმა მოისმინა, რომ მე ვიყავი მერიის თანამშრომელი და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მქონდა კავშირი, ჩამეკითხა და როცა დავუდასტურე, მითხრა, შენ მაგარ შარში ხარ ძმაო, ამათ როგორ დაუძვრები, არ ვიციო. მაგრად დაგერხაო, ასე მითხრა სიტყვა სიტყვით“, – ჰყვება „ტვ პირველთან“ ყოფილი მძევალი.

კვარაცხელიას შეფასებით, „თუკი რაიმეს გაკეთება არ შეიძლებოდა, ის გააკეთეს (მთავრობამ). ჩემი აზრით, ეს მძარცველი მორალურად გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება”. – ამბობს ის.

კვარაცხელიას, როგორც მძევლის იდენტიფიცირების შემდეგ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა მედიებმა, მაგალითად, ტელეკომპანია „იმედმა“, მისი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის გაშუქება დაიწყეს, ხოლო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, 10%-ს უშვებს, რომ კვარაცხელია ბანკში შემთხვევით აღმოჩნდა.