მაღაროელები: „არ გვაძლევენ უფლებას, პროკურატურის წინ ჩავატაროთ აქცია, გვთავაზობენ ადგილს, სადაც აქციის ჩატარებას აზრიც არ აქვს“

პუბლიკა

ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები ამბობენ, რომ დღეს თბილისში, პროკურატურის შენობის წინ, დაგეგმილი ჰქონდათ საპროტესტო აქცია, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე პოლიციამ მათ აქციის ჩატარების უფლება არ მისცა.

როგორც მაღაროელები ამბობენ, მათ გაიარეს კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, იმისათვის რომ აქცია უშუალოდ პროკურატურის წინ ჩატარებულიყო, თუმცა მათ სანაცვლოდ აქციისთვის შესთავაზეს ადგილი, „სადაც საპროტესტო აქციის ჩატარებას აზრიც არ აქვს“.

მაღაროელები ამბობენ, რომ 4 ჭიათურელი უსამართლოდაა დაკავებული და აქციაზე სწორედ ამის გამო პროტესტის გამოხატვა სურდათ.

„არ გვაძლევენ უფლებას, რომ პროკურატურის წინ, მითითებულ ადგილზე ჩავატაროთ საპროტესტო აქცია და გვთავაზობენ დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, სადაც არის ბინათმშენებლობა და ხმაურია, ფაქტობრივად აზრიც კი ეკარგება იქ საპროტესტო აქციის ჩატარებას. ჩვენ ვწყვეტთ საპროტესტო აქციას და ვუცხადებთ უნდობლობას იმ ახლად მიღებულ კანონს, რომლის საფუძველზეც უნდა დაიცვა წესები, 5 დღით ადრე მიმართო, უნდა მოგცეს ნებართვა რა ლოკაციაზე [ჩაატარებ აქციას]. თითქოს მშვიდობიანი და უწყინარი კანონი მიიღეს შეკრების და მანიფესტაციის შესახებ, მაგრამ იმდენად გაამკაცრეს, ფაქტობრივად, საპროტესტო აქცია, სადაც საჭიროა, რომ ჩაატარო, ამის ნაცვლად გთავაზობენ ისეთ ადგილს, საიდანაც საპროტესტო აქციის ჩატარებას აზრიც არ ექნება, ჩვენ ვბრუნდებით ისევ ჭიათურაში…“.

ჭიათურაში მაღაროებთან მიმდინარე აქციების მონაწილე მაღაროელებს 20 იანვარს 4 და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა მიიღო:

მერაბ სარალიძე – 6 წელი და 3 თვე; გიორგი ნეფარიძე – 6 წელი და 3 თვე; თენგიზ გველესიანი – 4 წელი და 3 თვე; არჩილ ჭუმბურიძე – 4 წელი და 3 თვე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურაში მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავა და გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თუმცა, 30 აპრილს მაღაროელებს პროკურატურამ ბრალი უფრო მძიმე მუხლით წარუდგინა.