ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა დაკავებულ მაღაროელებს – მერაბ სარალიძეს, გიორგი ნეფარიძეს, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორის თქმით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.
პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც „პუბლიკასთან“ საუბარში ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ აღნიშნა, საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, ასევე მაღაროელების მიერ საჯაროდ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, მაგრამ სხვა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება საქმეში ამ ეტაპზე არ დევს.
ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე ოთხივე პირისთვის 5000-5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
„ჩვენ გუშინ გვიან ღამით გადმოგვეცა საქმის მასალები პროკურატურის მიერ. ამ საქმის მასალებში, რომლებიც დავამუშავეთ, არის მოწმეთა ჩვენებები. ეს მოწმეები არიან კომპანიასთან დაკავშირებული პირები. ასევე საჯაროდ მაღაროელების მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც პროტესტთან დაკავშირებულ ზოგად მიმართვებს წარმოადგენს. სხვა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება ამ ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი და შესაბამისად, სასამართლოს არც შეუფასებია.
სასამართლომ მხოლოდ და მხოლოდ შეაფასა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. მიმალვის ნაწილში არ დაეთანხმა ბრალდების მხარეს – ჩათვალა, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობდა, ასევე არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა ჩათვალა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და კონფლიქტის გაღრმავების საფრთხე. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩათვალა პატიმრობის გამოყენება“, – განაცხადა მარიამ პატარიძემ.
საქმეზე მომდევნო პროცესი 19 ივნისს გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურაში მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავა და გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თუმცა, 30 აპრილს მაღაროელებს პროკურატურამ ბრალი უფრო მძიმე მუხლით წარუდგინა.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან.
ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
28 თებერვლიდან ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება, თუმცა პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო“.
კომპანიის მტკიცებით, თანამშრომელთა შერჩევა წარიმართება შიდა კონკურსის სახით და მოიცავს სამ ეტაპს:
- თანამშრომელთა განაცხადების მიღებას განახლებულ საშტატო პოზიციებზე;
- თანამშრომელთა ინდივიდუალურ კომისიურ გასაუბრებას;
- გასაუბრების შედეგების შეჯერებიდან გამომდინარე კონკრეტული თანამშრომლების შერჩევას.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაღაროები ეტაპობრივად მაისის ბოლომდე გაიხსნება. ასევე, მათივე განცხადებით, „2026 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიამ უნდა დაძლიოს ფინანსური კრიზისი, აღარ იფუნქციონიროს ზარალზე და დაიწყოს სტაბილური ოპერირება”.
მანამდე, 22 აპრილს კომპანიამ განაცხადა, რომ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა და წარმოების განახლების პროცესს „მაღალკვალიფიციური მენეჯერი“ მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
24 აპრილს მაღაროელებმა გაასაჯაროვეს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიღებული განაცხადების ფორმები და იმ მაღაროელებს, რომლებიც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” მიერ გამოცხადებული მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენისა და კომპანიის რეორგანიზაციის პროცესში მონაწილეობას აპირებენ, მოუწოდეს, არ მოაწერონ ხელი გათავისუფლების წერილს.
მაღაროელთა განცხადებით, კომპანია მასობრივი დათხოვნის პროცესს უკანონოდ ატარებს და ამის გადასაფარად დასაქმებულებს სთხოვენ, თვითონ მოითხოვონ გათავისუფლება.
პროტესტის მონაწილეები ქალაქში მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლას და კრიზისის მოგვარებაში მათ უშუალო ჩართულობას მოითხოვენ. მაღაროელები კომპანიის მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან.
ისინი ასევე უნდობლობას უცხადებენ კომპანიის ახალ წარმომადგენელს, რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკის. საინიციატივო ჯგუფის წევრების ცნობით, სახელმწიფოს ჩარევისა და გარანტიების მიღების გარეშე არ განიხილავენ კომპანიასთან თანამშრომლობის აღდგენას.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური” პროტესტი დაასახელა.
„ჯორჯიან მანგანეზი” მაშინ წერდა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.
მაღაროელების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციები.
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. მაღაროელების თქმით, კომპანიის ეს გადაწყვეტილება უმუშევრად 2000-დან 2 500 დასაქმებულს ტოვებს.
მას შემდეგ, რაც მაღაროელებმა ჭიათურაში პროტესტი დაიწყეს, ისინი თბილისშიც ჩამოვიდნენ და რამდენიმე აქცია გამართეს, მათ შორის კანცელარიის შენობასთან და კიდევ ერთხელ მოითხოვეს პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობა.
ერთ-ერთი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთანაც გაიმართა, სადაც მათ მოითხოვეს 3 თვის ხელფასის ანაზღაურება და ჭიათურის საკითხზე „ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ სამმხრივ კომისიაში მათი წარმომადგენლის ჩართვა.
მაღაროელები აცხადებენ, რომ კომპანიასთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში შესვლა მათთვის მიუღებელია.