მაღაროელების თქმით, წუხელ პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს

პუბლიკა

მაღაროელების განცხადებით, წუხელ, დაახლოებით 03:00-ზე პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს.

საპროტესტო კარვიდან დააკავეს გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე და თენგიზ გველესიანი. არჩილ ჭუმბურიძე კი სახლიდან აიყვანეს.

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, ისინი ქუთაისის იზოლატორში იმყოფებიან.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„ძალადობრივი ქმედება, ძალის გადამეტება, ფიზიკური დაპირისპირება… მოგვექცნენ ისე, როგორც ბოროტმოქმედებს. ქალბატონებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაგვართვეს მობილურები, თითებზე ფეხის დაბიჯება ტელეფონის ხელიდან გასაშვებად… ჭიათურა, მონობისთვის გამზადებენ“, – დაწერეს პროტესტის მონაწილეებმა.

პროტესტის მონაწილეები დილიდან ჭიათურაში აქციას მართავენ და თანამოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ 28 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ პროტესტის მონაწილეებმა ერთ-ერთი მაღაროდან წამოსული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის მანქანას გზა გადაუკეტეს, კობერიძე მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.