მაღაროელებმა საპროტესტო აქცია გაერთიანებული პროფკავშირების შენობასთან გამართეს.
მაღაროელები აცხადებენ, რომ პროფკავშირებიც მონაწილეები არიან იმ დანაშაულის, რაც წლების განმავლობაში ჭიათურაში ხდება. მათი თქმით, გაერთიანება გულგრილია და მშრომელებს უფლებების დაცვაში სათანადოდ ვერ ეხმარება, თუმცა მთავრობისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ მონაწილეობით სამმხრივ შეხვედრებში მონაწილეობს, როგორც მაღაროელების უფლებების დამცველი. ჭიათურელები აცხადებენ, რომ ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანება მათ პოზიციებს არ წარმოადგენს და კომისიაში წარმომადგენლობას მოითხოვენ.
„ამ დანაშაულში, რაც ჭიათურაში ხდება წლების განმავლობაში, დამნაშავეები არიან გაერთიანებული პროფკავშირებიც, იმიტომ რომ მათი გულგრილობის შედეგადაა ყველაფერი, რაც სჭირს დღეს ჭიათურას.
არარეალური კოლექტიური შეთანხმება, თუკი რამე გაგვჭირვებია, ყველაფერი ჩვენი ბრძოლით მოგვიპოვებია დაზარალებულ დასაქმებულებს. მხოლოდ და მხოლოდ გვეუბნებიან, რომ თქვენ პროვოკაციულ აქციებს აწყობთო. ჩაბრძანდნენ ჭიათურაში, შუშებიდან რომ იყურებიან. სამი თვეა, ხალხი მშიერია. ბანკები ახრჩობს ხალხს და ამ დროს ესენი ბლოკპოსტებს ამაგრებენ, რომ იქ არ შევუხტეთ“, – განაცხადა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ, რომელიც ეხმაურებოდა პროფკავშირების წარმომადგენლებსა და მაღაროელებს შორის დაპირისპირებას.
აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროფკავშირების წარმომადგენლები, მათ შორის, ირაკლი პეტრიაშვილი, მაღაროელებთან სასაუბროდ მივიდნენ.
„ვინც არიან პროფკავშირებიდან, გამოდით, დაანებეთ ამ პროვოკაციას თავი“, – მიმართა ირაკლი პეტრიაშვილმა თავის თანამშრომლებს, რის შემდეგაც მათსა და მაღაროელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.
„ჩვენ არ ვართ პროვოკატორები. ჩვენ შსს-სთან შევათანხმეთ, ვიცით, სად უნდა დავდგეთ, მაგრამ ეცადნენ, გამოვსულიყავით მდგომარეობიდან, ისეთი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს და და ფიზიკური გაწევებიც ჩაიდინეს. ესენი არიან ბანდიტები, ესენი არიან დაჯგუფებები და ვთხოვ ყველას, ვინც ამათი წევრია დღეს, დატოვონ გაერთიანება.
ესენი არ არიან საქართველოს მშრომელი ხალხის სახე. და კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო, რომ არავითარ იმ სამმხრივ კომისიურ შეხვედრებში, რომელიც პეტრიაშვილმა თავისი თავი წარმოადგინა ჩვენს დამცველად მთავრობის და კომპანიის წინაშე, სრულ უნდობლობას ვუცხადებთ, მაგრამ ვერ გავდივართ ჯერ კოლექტიური შეთანხმებიდან, ისეთი უსინდისო წესებები აქვთ კოლექტიურში, გავალთ თუ არა, ყველაფერს ვკარგავთ ჩვენი ბრძოლით მოპოვებულს, ამიტომ ესენი არიან ნაძირლები“, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.
პროფკავშირების გაერთიანებამ დღეს დილით გაავრცელა მაღაროელების საპასუხო განცხადება.
პროფკავშირები აღნიშნავს, რომ ჭიათურაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით „ე.წ. „საინიციატივო ჯგუფი“ კვლავ აგრძელებს პროფკავშირების მისამართით უსაფუძვლო ბრალდებებს, ცილისმწამებლურ და დისკრედიტაციისკენ მიმართულ კამპანიას.“
„კომერსანტთან“ ინტერვიუში ირაკლი პეტრიაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რამდენად აქვს უფლება საინიციატივო ჯგუფს მაღაროელების სახელით საუბრის.
„თუ მაღაროელები ახლა რამეს ითხოვენ და რაიმე შეუძლიათ მიიღონ, ეს არის მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, რომელიც აქვს კომპანიას სწორედ პროფკავშირთან. არა კონკრეტულ მაღაროელთან ან იმ საინიციატივო ჯგუფთან თუ მშრომელთა კავშირთან, თუ რაც დაირქვეს, არამედ პროფკავშირებთან. […] მივმართეთ მთავრობას და სამმხრივი კომისია ჩაინიშნა და მთავრობა ყველაფრის საქმის კურსშია. ვეძებთ გამოსავალს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ხალხმა თავისი ანაზღაურება მიიღონ. ველაპარაკებით ბანკებს. გვაქვს ბანკებთან ურთიერთობა, რომ კომპანიას თუ არ ენდობიან იქნებ პროფკავშირების გარანტიით მაინც გასცენ ეს 60%-იანი ანაზღაურება, რადგან ჩვენს წევრებს შიათ“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური” პროტესტი დაასახელა.
„ჯორჯიან მანგანეზი” მაშინ წერდა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.
მაღაროელების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და მათ დღემდე არ აქვთ აღებული ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება. სწორედ ამიტომ უკვე 27 დღეა,
ჭიათურაში პროტესტია. დაპირებული ხელფასის ჩარიცხვის გარდა, მაღაროელების მოთხოვნებია:
- მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
- შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
- მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
- ეკოლოგიური საკითხების მოგვარება;
- უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება.
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.
მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.
განცხადების მიხედვით, შესწავლამ გამოავლინა შემდეგი ფაქტორები:
- მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
- მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
- შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
- ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია.